პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას მოლდოვას დელეგაცია გაეცნო

პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას მოლდოვას დელეგაცია გაეცნო

პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას საქართველოში ვიზიტით მყოფი მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაეცნო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია პრობაციის სააგენტოში ახალდანერგილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის სპეციფიკის შესახებ და მოენახულებინათ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის განცხადებით, მოლდოვას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოს პრობაციის სისტემაში დანერგილი სიახლეებით, მიმდინარე რეფორმებითა და სარეაბილიტაციო პროგრამებით, რომლის მიზანი განმეორებითი დანაშაულის შემთხვევების შემცირებაა.

„სტუმრებს გავაცანით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც პირობით მსჯავრდებულთათვის ხორციელდება, ასევე, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მუშაობის სპეციფიკა, რომელიც ნოვაციაა ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ძალიან წარმატებული პროექტია. ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება ხელს შეუწყობს მოლდოველ კოლეგებს, რომ თავიანთ ქვეყანაში განახორციელონ პროექტები, რომლებიც ორიენტირებულია პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე“, - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ედუარდ სერბენკოს განცხადებით, საქართველოს პრობაციის სისტემა სანიმუშოა.

„ყველაფერი, რაც აქ ვნახეთ, ძალზე შთამბეჭდავია. უაღრესად პოზიტიურია რეფორმები, რაც პრობაციის სააგენტოში განხორციელდა. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში დავათვალიერეთ სოციალური საწარმო, სადაც მსჯავრდებულები იღებენ ცოდნას, ეუფლებიან პროფესიას და დასაქმების საშუალებაც იქვე აქვთ. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება მოლდოვას არ აქვს. ამიტომაც გვსურს, რომ საქართველოს პრობაციის სისტემის პოზიტიური გამოცდილება ჩვენთან დავნერგოთ,“ - განაცხადა ედუარდ სერბენკომ.

როგორც მოლდოვას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს გამოცდილების გაზიარების შემდეგ, გეგმავს მოლდოვაში მიიწვიოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები და ქართველი კოლეგებისგან მოისმინოს შეფასება, რამდენად წარმატებით დაინერგა საქართველოს პრობაციის სისტემის პოზიტიური გამოცდილება მოლდოვაში.