საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამის ENPARD- მხარდაჭერით „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე აგრომეწარმეებისათვის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.
გამოფენის მიზანი იყო აგრომეწარმეებისთვის სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და წარმოების საშუალებების შესახებ სიახლეების გაცნობა, ასევე აგრობიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და აგროდაზღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თიბისი ბანკიც, რომელმაც აგრომწარმოებლებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ბანკში ხელმისაწვდომი სასესხო და სადაზღვევო პროდუქტების შესახებ.
აგრობიზნესის წარმომადგენლებს ასევე ჰქონდათ საშუალება, თიბისი ბანკისგან მიეღოთ კონსულტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით აგრობიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე. კერძოდ, წარმოდგენილი იქნა თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემებისა და სათბურების მწარმოებელი კომპანიის „ნეტაფიმის“ პროდუქცია, რომელიც აგროწარმოების პროცესს გაცილებით უფრო ეკონომიურს, ხოლო მოსავლიანობას უფრო მაღალს ხდის.
გამოფენაში მონაწილეობდნენ ტექნიკის იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები და საფინანსო ინსტიტუტები. აგრომეწარმეებს შეეძლოთ, მიეღოთ სრული ინფორმაცია ბაზარზე არსებული ფინანსური, ტექნიკური და საწარმოო რესურსების შესახებ.
„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სოფლის მეურნეობის გამოფენაზე, რადგან ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოში აგრობიზნესის განვითარებას. თიბისი ბანკი არის ლიდერი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აგრობიზნესის დაფინანსების კუთხით, 2013 წლიდან დღემდე 300 მილიონ ლარზე მეტი აგროსესხი გვაქვს გაცემული. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას და ამის მისაღწევად არა მხოლოდ ვაკრედიტებთ აგრობიზნესს, არამედ, ხელს ვუწყობთ ფერმერების ინფორმირებულობას სოფლის მეურნეობაში სიახლეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ,“ - აცხადებს თიბისი ბანკის მიკრობიზნესის მართვის დირექტორი ნიკა ქურდიანი.
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენამ წელს 6000-მდე მონაწილეს და დამთვალიერებელს უმასპინძლა.