სოზარ სუბარმა სოფელ სამღერეთის სკოლის მოსწავლე ეკომიგრანტ ბავშვებს წიგნები და სპორტული ინვენტარი გადასცა

სოზარ სუბარმა სოფელ სამღერეთის სკოლის მოსწავლე ეკომიგრანტ ბავშვებს წიგნები და სპორტული ინვენტარი გადასცა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის სკოლას ესტუმრნენ.

მინისტრებმა სკოლის მოსწავლეებს წიგნები და სპორტული ინვენტარი გადასცეს. სამღერეთის სკოლაში 75 ეკომიგრანტი ბავშვი სწავლობს.  სოზარ სუბარი სკოლას 2015 წლის შემოდგომაზე ესტუმრა და  მაშინ მოსწავლეებს ბიბლიოთეკისათვის წიგნების ჩატანას დაპირდა. ეკომიგრანტი ბავშვებისათვის წიგნები სამინისტროს თანამშრომლებმა შეაგროვეს. 

სამღერეთის სკოლას სპორტული დარბაზისათვის კალათბურთის ფარები, ფრენბურთის და ფეხბურთის კარის ბადეები, ბურთები, კრივის ხელთათმანები და სხვა საჭირო ინვენტარი გადაეცა.

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში ახალი სკოლა ოფიციალურად 2015 წლის სექტემბერში  გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების სკოლა აღჭურვილია სპორტული დარბაზით, სამედიცინო კაბინეტით, სპეცკლასებით და  ახალი სასკოლო ინვენტარით.