საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 456 დევნილი ოჯახისათვის ბინების განაწილების თემაზე ბრიფინგი გამართა.
მინისტრის განცხადებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ დაასრულა თბილისის ბინების განაწილების პროცესი. მის შემადგენლობაში, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა, შედიოდნენ სახალხო დამცველის აპარატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, ასოციაცია „თანხმობის“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, კომისიის მუშაობა გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და ის ღია იყო ნებისმიერი მედია საშუალებისთვის.
განაცხადი 10 010-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:
- ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
- სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
- კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.
ამ პრინციპებიდან გამომდინარე, შეირჩა ის 561 დევნილი ოჯახი, რომელიც ამ ეტაპზე მიიღებს ბინას. მათ შორის თბილისის ზღვაზე, ე.წ. “ოლიმპიურ სოფელში“ 330 და ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდულ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში 231 დევნილი ოჯახი.
მინისტრის ბრიფინგის შემდგომ, გამოქვეყნდა 456 დევნილი ოჯახის სია, რომლებიც მიიღებენ 1,2, და 3 ოთახიან ბინებს. 4 ოთახიან ბინებზე გამოცხადებულია დამატებითი კონკურსი, ამიტომ 105 დევნილი ოჯახის სია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
456 დევნილი ოჯახის მონაცემები და შესაბამისი ქულები აიტვირთა სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mra.gov.ge). სიები ორშაბათს დილიდან გამოიკვრება ასევე ვაჟა ფშაველას N16-ში.
განაწილებული 456 ბინა შედგება 112 ერთოთახიანი, 172 ოროთახიანი, 167 სამოთახიანი და 5 ოთხოთახიანი ბინისგან. ეს ის 5 ოთხოთახიანი ბინაა, რომელიც გადაეცემათ ნგრევადი ობიექტებიდან გადასაყვან ოჯახებს.
მოთხოვნილება ერთ და ოროთახიან ბინებზე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ბინების რაოდენობა, შესაბამისად, კრიტერიუმით გათვალისწინებული გამსვლელი ქულებიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე სამ და ოთხოთახიანი ბინების შემთხვევაში.
კომისიის გადაწყვეტილებით ერთოთახიან ბინაზე კრიტერიუმების შესაბამისად გამსვლელი იყო 9,5 ქულა, რაც სრულად დაკმაყოფილდა. დარჩენილ 2 ერთოთახიან ბინაზე განაცხადების მიხედვით პრეტენზიას 12 ცხრაქულიანი ოჯახი აცხადებდა, საიდანაც კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა ის 2 ოჯახი, რომელთაც კრიტერიუმების შესაბამისად უფიქსირდებოდათ ყველაზე მძიმე საცხოვრებელი პირობები. ანალოგიური სიტუაცია იყო ოროთახიანი ბინების შემთხვევაშიც, გამსვლელი 9-ქულიანი ოჯახები სრულად დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით, ხოლო დარჩენილ 18 ბინაზე 8,5 ქულით 26 პრეტედენტიდან კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა 18 დევნილი ოჯახი, ხოლო 8 ოჯახი ბინას 2016 წელს მიიღებს, სამოთახიანი ბინის შემთხვევაში 6,5 ქულით სრულად დაკმაყოფილდა ყველა დევნილი ოჯახი, ხოლო დარჩენილ 14 ბინაზე 6-ქულიანი 19 პრეტენდენტი ოჯახიდან დაკმაყოფილდა 14, ხოლო 5 დევნილი ოჯახი 2016 წელს მიიღებს ბინას.
კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ორი დიდი ნგრევადი ობიექტი ე.წ. აეროპორტის ჩასახლება და სასტუმრო კოლხეთი, იქნა შერჩეული, რომლებიც დაიხურება და 165 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს ბინას. გარდა აღნიშნული ობიექტებისა, სხვა ნგრევადი შენობებიდანაც მოხდება დევნილთა განსახლება. ესენია: ყაზბეგის ქ.N34-ში - 7 ოჯახი, ბოჭორმის ქ.23 -1 ოჯახი, კახეთის გზატკეცილის 25-ე კმ.- 1ოჯახი, ჩაიკოვსკის ქ. N9 – 1 ოჯახი და ჭავჭავაძის ქ.N49/ა- 3 ოჯახი და შესაბამისად, ეს ობიექტებიც დაიხურება. ამ ეტაპზე სულ 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურება (178 დევნილი ოჯახი) და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე, ამ ეტაპზე ბინას 43 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ბინების განაწილების პროცესი კვლავაც გრძელდება და 2016 წელს, თბილისში კიდევ 600-მდე ბინა განაწილდება, სადაც ერთ და ოროთახიანი ბინების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე წელს იყო. შესაბამისად, ის დევნილი ოჯახები, რომლებიც არასაკმარისი ქულების გამო, ამჯერად ვერ მოხვდნენ სიებში, საცხოვრებელი ფართით მომავალ წელს დაკმაყოფილდებიან.
ორშაბათიდან, 10 სთ-დან 18-სთ-მდე მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ დევნილებს და უპასუხებენ მათთვის საინტერესო კითხვებს.
გარდა ამისა, დევნილებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღების მიზნით დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე და საჩივრების ცხელ ხაზზე. (ტელ.: 243-11-00)
დევნილებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც მოეპოვება რაიმე სახის ინფორმაცია გამოქვეყნებულ სიაში არსებული დევნილი ოჯახის შესახებ, რომელსაც უფიქსირდება საკუთრება ან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს რაიმე სახის უზუსტობას, შესაძლებლობა აქვთ 2 კვირის განმავლობაში სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდონ. სამინისტრო მზად არის მიიღოს ნებისმიერი განცხადება (ანონიმურობა დაცული იქნება), რომელსაც მონიტორინგის სამსახური დამატებით გადაამოწმებს. მხოლოდ აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება ფარული კენჭისყრით ბინების განაწილება.
კენჭისყრის ჩატარების დროისა და ადგილს შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია დამატები მიეწოდება და ის ღია იქნება მედიასაშუალებებისთვისაც.