თამარ ხულორდავამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თამარ ხულორდავამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის გაცნობის მიზნით თბილისს 7 ქვეყნის: უკრაინის, მოლდოვას, ბელორუსის, სომხეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და  ყაზახეთის დელეგაცია სტუმრობს.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დღეს გაიხსნა, მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართული მოდელის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.

თბილისში მყოფ  დელეგაციას იუსტიციის სამინისტრომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უმასპინძლეს.

სტუმრები დაინტერესდნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, განრიდება-მედიაციის პროგრამით, პირობითი მსჯავრის მოხდისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით.

კონფერენციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე,  ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი,  ევროკავშირის პროექტის ,,სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელი  რენატე ვინთერი და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის)   იუნისეფის სსაშა გრაუმანი  დაესწრნენ. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ თამარ ხულორდავამ კონფერენციაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის კუთხით საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. თამარ  ხულორდავამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების სწორად დაგეგმვის აუცილებლობაზე.

 ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ამ რეფორმის განხორციელებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო აქტიურად არის  ჩართული. თბილისში მიმდინარე კონფერენციის მიზანია, რომ  დელეგატები დეტალურად გაეცნონ არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსს,  რომელიც სულ ახლახან მივიღთ და გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება. არასრულწოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ერთ-ერთი სფერო, რომელშიც საერთაშორისო აქტორებისგან საქართველო უმაღლეს შეფასებას იღებს“, _ განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროკავშირის პროექტის ,,სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელი რენატე ვინთერი საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ აღნიშნულ კოდექსს მთელი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პირველი სპეციალიზებული კანონმდებლობაა რეგიონში.

,,საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული და იმედს ვიტოვებ, რომ უწყების მიერ გაწეული სამუშაო მთელი რეგიონისთვის სამაგალითო იქნება.მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებსაც არასრულწლოვნებთან უხდებათ მუშაობა, სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება ჰქონდეთ,“ - განაცხადა რენატე ვინთნერმა.

კონფერენცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარეოს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის პროექტის ,,სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" მიერ იყო  ორგანიზებული. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის ივნისში მიიღო.