11 ნოემბერს 15:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე; „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია”
კონფერენცია გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მის: თბილისი, მ. ასათიანი 9, მეორე სართული)
კონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, „გლობალური ალიანსის“ ხელმძღვანელი პირები. ასევე, უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები.
კონფერენციას გახსნის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. ასევე სიტყვით გამოვლენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი, დოქტორი ჟან-ელი მალკინი.
კონფერენციაზე პარალელურად მოხდება პრაქტიკოსი ექიმებისთვის სენფორდის ,,ანტიმიკრობული თერაპიის“ სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემის ქართული ვერსიის წარდგენა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული და თითქმის ნახევარი საუკუნეა თითოეული ამერიკელი ექიმისათვის ყოველდღიური მოხმარების წიგნს წარმოადგენს.
ღონისძიების ფარგლებში პრაქტიკოსი ექიმებისათვის გაცნობის მიზნით, ასევე გაიმართება პრეზენტაციები ანტიმიკრობულ თერაპიაზე ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და სენფორდის სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვის ინსტრუქციის შესახებ. პრეზენტაციებს წარადგენენ პროფესორი ელიზაბეთ ბუვე თემაზე: „ანტიბიოტიკებზე მეურვეობა: როგორ გავაუმჯობესოთ პრაქტიკოსი ექიმების მიერ ანტიბიოტიკების გამოყენება“ და პროფესორი მალვინა ჯავახაძე თემაზე: „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია“.
კონფერენციის დასასრულს, გაიმართება დისკუსია. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და „გლობალური ალიანსი“ (GAHSC).
ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც გადალახა ყოველგვარი საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და მიიღო პანდემიის სახე. სწორი, რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ და მეორეს მხრივ, მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან ბრძოლაში.
ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ
პროფესორი ელიზაბეთ ბუვე არის უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის სრული პროფესორი ინფექციური დაავადებების განხრით. მას საექიმო პრაქტიკა აქვს პარიზის ჩრდილოეთში განთავსებულ ბიშატის ჰოსპიტალის 60 საწოლიან ინფექციური დაავადებების განყოფილებაში. პროფესორი ბუვე მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ინფექციური კონტროლის დეპარტამენტს იმავე ჰოსპიტალში და ორგანიზებას უწევდა ანტიბიოტიკების დანიშვნის მობილურ სამედიცინო ჯგუფს. იგი არის ინფექციური დაავადებების სპეციალობის ნაციონალური კომიტეტის წევრი უმაღლესი განათლების სამინისტროში. 2011 წლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტ პარიზი-7-ში იგი არის სპეციალური ვებგვერდის საბჭოს წევრი, რომელიც განკუთვნილია ზოგადი პროფილის ექიმების მიერ ანტიბიოტიკების დანიშვნის საკითხებისათვის და ეწოდება „ანიტიბიოკლიკი“.
პროფესორი მალვინა ჯავახაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თერაპიული დეპარტამენტის, ინფექციურ სნეულებათა მიმართულების პროფესორი, აკად. ვ. ბოჭორიშვილის სახ. სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკის კლინიკური დირექტორი.