გოგი სარიშვილი: „ჯენერიკ მედიკამენტებს ვენდობი და პრაქტიკაშიც ვიყენებ“

გოგი სარიშვილი: „ჯენერიკ მედიკამენტებს ვენდობი და პრაქტიკაშიც ვიყენებ“

ფარმაცევტუილ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლის აუცილებლობა და მისი სეგმენტის გაფართოება ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაანონსა. რა არის ჯენერიკ მედიკამენტი, თუ  რომელ ქვეყნებში აწარმოებენ, რა განსაზღვრავს ხარისხს, აღნიშნულ საკითხებზე მედიცინის დოქტორმა, თერაპევტმა გოგი სარიშვილმა ისაუბრა:

“ჯენერიკი არის ორიგინალური დასახელების პრეპარატის ნაირსახეობა, რომელიც გამოშვებულია  სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანის მიერ. ჯენერიკი შეიძლება იყოს კარგი, ცუდი ან ანალოგიური, რაც არის ორიგინალი. ეს დამოკიდებულია ფირმაზე და მის კეთილსინდისიერებაზე, რომელიც აწარმოებს აღნიშნულ პრეპარატს. ფალსიფიცირებული შესაძლოა იყოს ორიგინალი მედიკამენტიც. ამ პროცესს შესაბამისი სტრუქუტურები უნდა აკონტროლებდნენ. თუმცა ბოლო პერიოდში  ფალსიფიცირებული მედიკამენტი აღარ დაფიქსირებულა. პირადად, ვენდობი ჯენერიკ მედიკამენტებს და პრაქტიკაშიც ვიყენებ მათ.“

რაც შეეხება ჯენერიკების მწარმოებელ ქვეყნებს, თერაპევტი აღნიშნავს, რომ  მედიკამენტის ხარისხი დამოკიდებულია წარმოების პროცესსზე, რამდენად არის დაცული ტექნოლოგიური პროცესები, სტანდარტები  და არა მწარმოებელ ქვეყანაზე. „ინდოეთში წარმოებული მედიკამენტები უხარისხოა - ეს არასწორია. ინდოეთში ბევრი ფარმაცევტული ქარხანაა,  წარმოებული მედიკამენტები მთელ მსოფლიოში ნაწილდება. კერძოდ, ანტიბიოტიკები მზადდება ინდოეთში, ეგვიპტში, ჩინეთში. მაგალითად, ასეთი სტერეოტიპია დამკვიდრებული: წამალი თუ ძვირია, კარგად არის შეფუთული და კოლოფის გახსნისას ხმოვან სიგნალს გამოსცემს, ეს იგი ხარისხიანია. ხოლო დიდ შეფუთვაში მოთავსებული და შემდეგ ცელოფანში გადანაწილებული - უხარისხო. ეს მიდგომა არასწორია. გააჩნია კომპანიას და ქარხანას, რომელიც პრეპარატს აწარმოებს და გააჩნია შემომტანს, ანუ ვინ ყიდულობს და ახდენს დისტრიბუციას.  ხშირად უფრო დიდი საფრთხე მყიდველშია და არა მწარმოებელში“, – ამბობს გოგი სარიშვილი.