სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
ვიზიტი 9 ნოემბერს იწყება და მის ფარგლებში, კახა კახიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავს შეხვედრებს, გარდა ამისა, დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა კონგრესის წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმებსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრიორიტეტებს განიხილავენ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვისკონსინის შტატის მთავარ პროკურორს ვან ჰოლენს, ამავე შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ედ ვოლს და პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური საგამოძიებო დანაყოფის დეტექტივებს შეხვდება. დაგეგმილია ოუქჰილის, დოჯის, ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სტუმრობა.
12 ნოემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს დელეგაცია მინისტრის ხელმძღვანელობით, აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს ვოლშს, ასევე, ციხეების ფედერალური ბიუროს უფროსს შეხვდება.
სასჯელაღსრულების სამინისტროს დელეგაცია საქართველოში 13 ნოემბერს დაბრუნდება.
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს. ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და INL-ის თანამშრომლობის ფარგლებში პენიტენციური სისტემის ათობით თანამშრომელი იმყოფებოდა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, ადგილზე გაეცნო მოწინავე პრაქტიკას, აიმაღლა კვალიფიკაცია და გადამზადდა. გარდა ამისა, აშშ-ს მხარდაჭერით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ინერგება მსჯავრდებულთა ქცევაზე დაფუძნებული რისკების შეფასების მეთოდოლოგია.