სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკონსულტაციო საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადებს იღებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკონსულტაციო საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადებს იღებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი დაიწყო.

საკონსულტაციო საბჭოს წევრობით დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი დოკუმენტაცია 17 ნოემბრამდე წარუდგინონ.

საბჭოში არასამთავრობო და საერთაშორისო ორაგნიზაციების წარმომადგენლები, ასევე, პენიტენციური ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროს ექსპერტები შევლენ.

საბჭოს წევრობის მსურველი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა წარმოადგენდეს ორგანიზაციას, რომელსაც სასჯელაღსრულების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება აქვს; საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი კი, უნდა წარმოადგენდეს ორგანიზაციას, რომელიც  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საბჭოს წევრობა შეუძლია პენიტენციურ ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროს ექსპერტს, მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილებით. ამასთან, საბჭო მუდმივად ღიაა მუშაობის პროცესში დაინტერსებული პირების ჩართულობისთვის.

მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე  - sabcho@moc.gov.ge-ze უნდა გაგზავნონ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ვისაც  საკონსულტაციო საბჭოში მონაწილეობა სურს,  უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის სახელზე, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ორგანიზაციის წესდება, ინფორმაცია სასჯელთა აღსრულების სფეროში განხორციელებული აქტივობების შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კი, მითითებულ მისამართზე წერილობითი განცხადება უნდა გაგზავნოს. რაც შეეხება პენიტენციურ ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროს ექსპერტებს, საბჭოში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მათ მინისტრის სახელზე წერილობით განცხადებასთან ერთად, სასჯელის აღსრულების სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ.

საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველს შეუძლია სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტს (საბჭოს სამდივნო) დაუკაშირდეს -  (995 32) 2 31 27 34; შიდა ნომერი 7504.

საკონსულტაციო საბჭო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით შეიქმნა. საბჭო მინისტრის სათათბირო ორგანოა და იგი სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრები სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, ასევე, შეისწავლიან სასჯელთა აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას. გარდა ამისა, სათათბირო ორგანო სასჯელთა აღსრულების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ანალიზს განახორციელებს.