“ჩვენი ამოცანაა შეიქმნას სტაბილური, სამართლიანი სისტემა, რომელსაც ვერავინ ვერ ჩამოანგრევს”

“ჩვენი ამოცანაა შეიქმნას სტაბილური, სამართლიანი სისტემა, რომელსაც ვერავინ ვერ ჩამოანგრევს”

„ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელსაც ვერ დაანგრევს ვერავინ. ეს სისტემა უნდა იყოს აგებული ღირსებაზე, კანონზე და სამართიანობაზე“, - ეს განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მარტვილში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოსო დანელიას წარდგენისას გააკეთა.

მინისტრის განცხადებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან დაიწყო ბრძოლა ძველ, არაადამიანურ რეჟიმთან, როდესაც ადამიანების წამება, მათი ღირსების შელახვა არავის არ უკვირდა.

„ ძალიან არაპოპულარულია ის სფერო, რომელსაც მე წარმოვადგენ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ თუ რა გაკეთდა ამ სისტემაში 2012 წლიდან. ეს სისტემა წარმოადგენდა ჯოჯოხეთს, სადაც ადამიანის იზოლირება, ჩაგვრა და იქიდან ნახევრად ცოცხალი ადამიანის გამოყვანა იყო მიზანი. ხშირ შემთხვევაში იქიდან ცოცხლებიც ვერ გამოდიოდნენ. ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ ქვეყანაში მუდმივი შიში ყოფილიყო და მეორეს მხრივ, ციხე ყოფილიყო საჩვენებელი ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ დროინდელი ხელისუფლების კონკრეტულ გადაწყვეტილებებს პრინციპულად არ უჭერდა მხარს. ბიზნესმენებს რამდენიმე დღით აპატიმრებდნენ, ხდებოდა მათი ჯოჯოხეთში შეყვანა, შემდეგ ეს ადამიანები რეკავდნენ ახლობლებთან და ეუბნებოდნენ, რომ გაეყიდათ, ჩაებარებინათ ყველაფერი, აეღოთ კრედიტები ოღონდ თავისუფლებაზე გამოეყვანათ. არავის არ უკვირდა ცემა და სისტემური წამება.  ამაზე ჩვენ ვთქვით უარი. ჩვენი ამოცანაა: შეიქმნას სტაბილური სამართლიანი სისტემა, რომელიც ვერ ჩამოინგრევა ვერც მაშინ, თუკი ხელისუფლებაში სხვა,  ანგაჟირებული ხალხი მოვა. ჩემს მეგობართან, გიორგი მღებრიშვილთან ერთად დიდხანს ვფიქრობდით თუ რა უნდა ყოფილიყო ამ მძიმე სისტემის სლოგანი რომ ადამიანებს რწმენა კვლავ დაბრუნებოდათ და ხალხს დაენახა რომ აქ ჯალათობას ადგილი აღარ აქვს. ამავდროულად არიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ასევე ზომბირებულები იყვნენ. სწორედ ამიტომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სლოგანი არის:  ღირსება და კანონი!  ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის. ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ სიტუაციაში. ისინი არიან ადამიანები და მათ უნდა მოექცნენ ადამიანურად“, - აღნიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

 კახა კახიშვილის განცხადებით ყველაფერი გაკეთდება დაწესებულებებში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, თუმცა ეს არ მოხდება ძალადობის ხარჯზე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა.