2015 წლის 21-22 ოქტომბერს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მონაწილეობა მიიღო უკრაინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც კონფლიქტურ და პოსტ კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლს შეეხებოდა.
კონფერენციაზე მინისტრი სოზარ სუბარი მოხსენებით წარსდგა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა დევნილთა უფლებებზე და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ სამართლებრივ ჩარჩოზე. სოზარ სუბარმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ის პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს. თავის მოხსენებაში მინისტრმა ხაზი გაუსვა დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის მნიშვნელობასაც.
საერთაშორისო კონფერენციაზე მინისტრის გამოსვლამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. უკრაინული მხარის განცხადებით, პრობლემების გადაწყვეტისას მათთვის მნიშვნელოვანია ქართული გამოცდილების გაზიარება, ვინაიდან ამ ეტაპზე უკრაინაში არსებულ ვითარებასთან ყველაზე ახლოს ქართული მაგალითია.
საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის ომბუდსმენისა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას ოცამდე ქვეყნის ომბუდსმენი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.