კახა კახიშვილმა და ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად არასრულწლოვანთა  N 11 დაწესებულებას სპორტული ინვენტარი გადასცა

კახა კახიშვილმა და ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად არასრულწლოვანთა N 11 დაწესებულებას სპორტული ინვენტარი გადასცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი არასრულწლოვანთა  N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას სტუმრობდნენ.

მინისტრებმა ,,არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში დაწესებულებას სპორტული ინვენტარი, ფორმები და წიგნები გადასცეს.

 არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამ ეტაპზე 25 არასრულწლოვანი იხდის სასჯელს. დაწესებულებაში ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი, სადაც არასრულწლოვნები აქტიურად ვარჯიშობენ და ჩართული არიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სპორტულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით  მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელება, რაც თავის მხრივ, პოზიტიურ გავლენას იქონიებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მომავალზე. 

კახა კახიშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საქმეში გაწეული წვლილისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

,,მნიშვნელოვანია ბავშვები მაქსიმალურად ჩაებან სპორტულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. ამ ეტაპზე მათთან მუშაობენ პროფესიონალი მწვრთნელები. სულ მალე მათ საშუალება ექნებათ  სპორტულ შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ აქ, ადგილზე მოვაწყობთ ტურნირებს  როგორც რაგბში, ისე ფეხბურთში, ასევე სპორტის სხვა სახეობებში,“ _ განაცხადა კახა კახიშვილმა. 

სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კი, თავის მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობისთვის  მადლობა გადაუხადა.

,,აქ ნამდვილად არის პირობები და შესაძლებლობები, რომ ამ ახალგაზრდებმა ხვალინდელ დღეზე იზრუნონ.  ჩვენი მხრიდან კი,  ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავაკმაყოფილოთ მათი სპორტისადმი ინტერესი,“ -განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

,,არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის შესყიდულ იქნა სხვადასხვა სპორტული ინვენტარი: ტრენაჟორები, ბურთები, ასევე სპორტული ტანსაცმელი, რაგბისა და ფეხბურთის მაისურები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ ინტერესს იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების წესით და დაეუფლონ სპორტის სხვადასხვა სახეობებს.