ვასილ ხორავამ იტალიური კომპანია „iGuzzini”-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ვასილ ხორავამ იტალიური კომპანია „iGuzzini”-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

„სინათლის ქალაქს“  სანათების მწარმოებელი იტალიური კომპანია „iGuzzini”-ს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. იტალიელ სტუმრებს „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ და მისმა მოადგილემ თორნიკე კიზირიამ უმასპინძლეს. 

იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს თბილისის დიოდურ სანათებზე გადასვლისა  და დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის შესახებ ტექნიკური საკითხების გარკვევა სურდათ.  იტალიელმა სტუმრებმა „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელებს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გააცნეს და თბილისის ენერგოდამზოგავ განათებაზე გადასვლის პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

შეგახსენებთ,  თბილისის მერიამ სოდიუმის სანათების თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი სანათებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, წინადადებების მიღება 1 აპრილიდან დაიწყო. პროექტი დასკვნით ფაზაში ამაწლის დეკემბერში შევა.  გამარჯვებული კომპანიის შერჩევის შემდეგ, თბილისში გარე-განათების სისტემის მოდერნიზაცია დაიწყება, რაც არსებული სანათების დიოდური სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლით, თბილისში ელექტროენერგიის 60–70 პროცენტიანი ეკონომია მოხდება.