საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, ყაზბეგის ქ. N22-ში მცხოვრები 13 დევნილი ოჯახისთვის დოდაშვილის ქ-ზე თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში, ბინები კერძო კომპანიებთან ერთად, თანადაფინანსებით შეიძინა.
ყაზბეგის 22-ში არსებულ შენობა (ყოფილი სისხლის გადასხმის ინსტიტუტი), რომელშიც 13 დევნილი ოჯახი (მათ შორის 2 ნახევრად სარდაფში) 1993 წლიდან ცხოვრობდა, შპს „ბლოკ ჯორჯიას“ საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნულ ობიექტზე კომპანიებმა ბლოკ-ჯორჯიამ და ორბი ჯგუფმა 100 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება დაგეგმეს. შესაბამისად, დღის წესრიგში დევნილების გაყვანის და მათი შემდგომი გრძელვადიანი განსახლების პრობლემა დადგა.
სამინისტროს, შპს „ბლოკ ჯორჯიასა“ და „ორბი“ ჯგუფს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, აღნიშნული 13 ოჯახი თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტებით აგებულ კორპუსში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდეს. დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თანადაფინანსებით მოხდა - 80% კერძო სექტორმა, ხოლო 20% დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დაფარა.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, ასევე უზრუნველყო დევნილი ოჯახების კუთვნილი ნივთების ტრანსპორტირება.
სამინისტრომ გააქტიურა კერძო მესაკუთრეებისგან იმ ობიექტების გამოსყიდვა, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირები მართლზომიერად ფლობდნენ. 2012 წლიდან დღემდე, თბილისში, კერძო მესაკუთრეებისაგან , 721 დევნილი ოჯახისთვის 18 ობიექტია გამოსყიდული.
დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროცესს დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, „ორბი“ ჯგუფის და შპს „ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენელები.