ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ ჩქაროსნულ გზაზე გარე განათების ქსელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გარე განათების ქსელის აღდგენით სამუშაოებს „სინათლის ქალაქი“ აწარმოებს. აღნიშნულ პერიმეტრზე კილომეტრნახევრიანი ქსელის რეაბილიტაცია მოხდება. ამჟამად „სინათლის ქალაქი“ აღნიშნული ქსელის კაბელირებას, ანუ მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანას ახდენს.
„სინათლის ქალაქის“ სარემონტო-სამშენებლო განყოფილების უფროსის მამუკა სოფაძის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე გარე განათების 41 ახალი ბოძი დაიდგმება. მისივე თქმით, გარდა ახალი ბოძების მონტაჟისა, ადგილზე ძველი ბოძების სამღებრო სამუშაოებიც მიმდინარეობს და იცვლება ნათურები.
ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე „სინათლის ქალაქის“ 50-მდე მუშახელი და 10-მდე ტექნიკა მუშაობს. მიმდინარე სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.