„ჰით ბათუმი 2015“ პროგრამა ფესტივალით 15 სექტემბერს დასრულდება
10-15 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. დღეს, 10 სექტემბერს 19:00 საათზე ფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ფრანგული საღამოთი გაიხსნება.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს საფრანგეთიდან ჩამოსული ცნობილი დირიჟორი ლორან პეტიჟირარი უდირიჟორებს. სოლისტი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე იქნება. შესრულდება ლორან პეტიჟირარის „მარტოსული“, ცეზარ ფრანკის სიმფონია რე-მინორი და პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო პირველი კონცერტი, სი-ბემოლ მინორი, პირველი ნაწილი.
ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნას დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. სწორედ პრეზიდენტის პატრონაჟით ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ BATUMI MUSIC FEST-ს მესამე წელია ატარებს.
ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან - საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი. შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები.
დასკვნითი საღამო 15 სექტემბერს პიაცაზე გაიმართება, სადაც თავად ელისო ბოლქვაძე დაუკრავს. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოდის ლეგენდარული ტენორი ზურაბ სოტკილავა. კლასიკურ მუსიკასთან ერთად იქნება ფოლკლორიც, ანსამბლი „ქართული ხმები“ ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებს.
ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნება და ბათუმის პიაცაზე გაიმართება. მას დაესწრებიან იუნესკოს წარმომადგენლები საფრანგეთიდან, საქართველოს ხელისუფლება, დიპლომატიური კორპუსი. კონცერტიდან შემოსული თანხა კი გადაირიცხება სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის UNESCO-ს ეგიდით შექმნილ დახმარების ფონდში.
ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერ-კლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, 14 სექტემბერს კი ფესტივალის ფარგლებში ნორჩი ტალანტების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება და საუკეთესოს მსმენელის სიმპატიის პრიზი გადაეცემა.
დაარსების დღიდან ბათუმის მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო. 2015 წელს ბათუმის მუსიკალური ფესტივალი თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებთან. ბათუმის მუსიკალური ფესტივალით დაიხურება“ჰით ბათუმი 2015“ პროგრამა.