პოლიტოლოგი და ექსპერტი ვახტანგ მაისაია გაძვირებული მედიკამენტების საკითხს ეხმაურება და მთავარ პრობლემად ფარმაციაში არსებული მონოპოლიზმი მიაჩნია.
„მე არა ვარ ექიმი და წამლებთან დაკავშირებით კომპეტენტურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და მეც მიწევს მედიკამენტების შეძენა და გამოყენება.
ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ცვალებადობა და ზრდა, რა თქმა უნდა, ცუდია და ეს აისახება მოსახლეობაზეც. ამის მიზეზად კი მიმაჩნია ბაზარზე არსებული მონოპოლია, როდესაც ორი კომპანიის ხელშია მთელი ძალაუფლება. ეს ყველაფერი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და კონკრეტული ჩინოვნიკების ინტერესებს ემსახურებოდა. ასევე, არაფრით შეიძლებოდა ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება“, – მიაჩნია მაისაიას.
მაისაია აცხადებს, რომ მისი აზრით, პირველ რიგში, რითაც ხელისუფლებამ უნდა დაარეგულიროს ფარმაცევტული ბაზარი არის ის, რომ მოისპოს მონოპოლიები და ყველა კომპანიას მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა. „რამდენიმე წლის წინ საქართველოში შემოსვლას აპირებდა ერთ-ერთი შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ნამდვილად განავითარებდა მედიკამენტების ბაზარს. თუმცა, კვლავ რამდენიმე ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანიას ჯაშუშობა დასწამეს. წარმოგიდგენიათ, ამხელა სკანდალის შემდეგ რომელი მსხვილი კომპანია შემოვიდოდა ჩვენს ბაზარზე“?! – კითხვას სვამს მაისაია.
მისი აზრით, მედიკამენტების ხარისხის საკითხიც მოსაწესრიგებელია. „ბაზარზე შემოაქვთ მედიკამენტები არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან, არამედ დსთ-სა და აზიის საეჭვო რეპუტაციის ქვეყნებიდანაც. ამ წამლების ხარისხი ეჭვს იწვევს. ჩემი აზრით, აუცილებლად მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ყველა იმ მედიკამენტის ხარისხი, რომელიც დღეს ჩვენ ბაზარზე იყიდება“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.