დღეს, 9 სექტემბერს 15:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „დივანში“ ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც წარუძღვება ფესტივალის დამფუძნებელი, ცნობილი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე. პრესკონფერენციაში მონაწილეობენ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის კულტურის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი. ასევე დაესწრებიან ფესტივალის სხვა მონაწილეებიც - ფრანგი დირიჟორი ლორან პეტიჟერარი და თურქეთის ელჩი საქართველოში.
BATUMI MUSIC FEST ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მესამე წელია ტარდება. მნიშვნელოვანია, რომ „ჰით ბათუმი 2015“ პროგრამა ბათუმის მუსიკალური ფესტივალით დაიხურება
ფესტივალში წელს მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან - საფრანგეთიდან ცნობილი დირიჟორი ლორან პეტიჟერარი, ავსტრიიდან პიანისტი ვიქტორია ჰირშჰუბერი, აშშ-დან დირიჟორი დიმიტრი იაბლონსკი, ისრაელიდან მევიოლინე ილია კონოვალოვი, იაპონიიდან მევიოლინე მიში სიგიურა, თურქეთიდან სოპრანო სერენ აქიოლდაში, აზერბაიჯანიდან გამოჩენილი პიანისტი ფარჰატ ბადალბეილი.
ფესტივალში მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები. დასკვნითი საღამო 15 სექტემბერს პიაცაზე გაიმართება, სადაც თავად ელისო ბოლქვაძე დაუკრავს. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოდის გამოჩენილი ტენორი ზურაბ სოტკილავა. კლასიკურ მუსიკასთან ერთად იქნება ფოლკლორიც, ანსამბლი „ქართული ხმები“ ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებს.
ელისო ბოლქვაძე წელს იუნესკოს მშვიდობის არტისტის ტიტულის მფლობელი გახდა, რაც მას როგორც ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს საშუალებას აძლევს საქართველოში იუნესკოს ეგიდით არაერთი ღინისძიება ჩაატაროს. ამიტომაც ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნება და ბათუმის პიაცაზე გაიმართება. მას დაესწრებიან იუნესკოს წარმომადგენლები საფრანგეთიდან, საქართველოს ხელისუფლება, დიპლომატიური კორპუსი. კონცერტიდან შემოსული თანხა კი გადაირიცხება სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის UNESCO-ს ეგიდით შექმნილ დახმარების ფონდში.
ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერ-კლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, 14 სექტემბერს კი ფესტივალის ფარგლებში ნორჩი ტალანტების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება და საუკეთესოს მსმენელის სიმპატიის პრიზი გადაეცემა.
დაარსების დღიდან ბათუმის მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო. 2015 წელს ბათუმის მუსიკალური ფესტივალი თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებთანაც.
2015 წლის მაისიდან BATUMI MUSIC FEST ევროპის ფესტივალების ასოციაციის (EFA) წევრია. ასოციაციაში, რომლის სათაო ოფისი ბრიუსელში მდებარეობს, გაერთიანებულია ევროპის 40 ქვეყნის 100-ზე მეტი პრესტიჟული ფესტივალი, მათ შორის ედინბურგის ფესტივალი, BBC PROM და სხვა.
ელისო ბოლქვაძის ბათუმის მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSIC FEST არის პირველი მუსიკალური ფესტივალი საქართველოდან, რომელიც ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.
ევროპის ფესტივალების ასოციაცია (EFA – The European Festivals Association) http://www.efa-aef.eu/en/festivals/members/ არის კულტურის ერთ-ერთი უძველესი სივრცე, რომელიც მუსიკის, ცეკვისა და თეატრის პრესტიჟულ ფესტივალებს აერთიანებს. ორგანიზაცია 1952 წელს ჟენევაში დაფუძნდა.