საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთამინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია მანგლისში, ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.
ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ლიდერობის პროექტი დევნილი ახალგაზრდებისათვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელისა და მშვიდობის კორპუსის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს.
პროექტის მიზანია, დევნილ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ბანაკის მონაწილეების შერჩევა კოდას, შაუმიანის, ლელიანის, ჯვრისა და სენაკის დევნილთა ჩასახლებებში, სპეციალური აპლიკაციების საშუალებით, სათემო განათლების ცენტრებმა განახორციელეს.
16-25 წლის ახალგაზრდებმა მანგლისში არსებულ ბანაკში ერთი კვირა გაატარეს, რის შემდეგაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ თანატოლებს გაუზიარებენ.
დღევანდელი შეხვედრის მიზანს ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების, სპორტული ფედერაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ დევნილი ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.