„გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადილემ ვალერი კვარაცხელიამ „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ დაათვალიერეს და სასწავლო ცენტრის პრაქტიკულ მუშაობას გაეცნენ.
ჟან ელი მალკინის განცხადებით საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საოჯახო მედიცინის ცენტრი. „ეს არის ადამიანის ჯანმრთლობის დაცვის პირველი ხაზი - ადგილი, რომელსაც ხალხი პრობლემებით მიმართავს და ისინი ღებულობენ თბილ დახვედრას. პერსონალის პროფესიონალიზმი, თავდადება და მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი გამაოგნებელია. მსურს ეს წარმატება მივულოცო ცენტრის პერსონალსა და დირექტორებს. „გლობალური ალიანსი“ ამჟამად საქართველოს მთავრობას ეხმარება, რათა ჯანდაცვის სისტემის ყველა კომპონენტი გავაუმჯობესოთ. ჩვენი სურვილია „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ იყოს პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და წარმატების მაგალითი არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელს ქვეყანაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ მთავრობას სისტემის გაუმჯობესებაში, გვექნება ძალიან კარგი საქვეყნო მაგალითები ანალოგიური ცენტრების სახით, რომელზე დაყრდნობითაც ჯანდაცვას კიდევ უფრო განვავითარებთ,“ - აღნიშნა ჟან-ელი მალკინმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა, რომელიც C ჰეპატიტისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამების პარლელურად განხორციელდება. რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და კონკრეტული სამოქმედო გეგმა ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. რეფორმის მიზანია პრევენციული მედიცინის როლის გაზრდა, სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, პოლიკნინიკებისა და ამბულატორიების (განსაკუთრებით რეგიონებში) ინფრასტრუქტურული მოწესრიგება და მათი სათანადოდ აღჭურვა, პირველად რგოლში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა და ასევე მათი პროფესიული გადამზადების ეფექტიანი სისტემის ამოქმედება. მნიშვნელოვანია, რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში სამინისტროს კონსულტირებას „გლობალური ალიანსი“ უწევს.