8 სექტემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლეთა პროფესიული დღე აღინიშნა.
სისტემის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს პირველად გაიმართა და მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან ფაქტობრივად სასჯელაღსრულების სისტემის ახალი ისტორია იწერება. მისი თქმით, სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები სოზარ სუბარი და გიორგი მღებრიშვილი გუნდთან ერთად ყველაფერს აკეთებდნენ, რათა წლების განმავლობაში დამკვიდრებული ძალადობრივი სისტემა მოშლილიყო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა უწყების ყოფილ მინისტრებს - გიორგი მღებრიშვილსა და სოზარ სუბარს გაწეული სამსახურისთვის.
კახა კახიშვილმა სამინისტროს ახალ იმიჯსა და სლოგანზეც ისაუბრა: „მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ჩვენი გუნდი ვმუშაობდით სასჯელაღსრულების სასტემის ახალ ლოგოზე და გვინდოდა, ის საუკეთესო ყოფილიყო. ჩვენი სლოგანია - „კანონი და ღირსება“. ჩვენ ღირსების დაუკარგავად უნდა ვემსახუროთ კანონის აღსრულებას -ეს არის მთელი ჩვენი ამოცანა,“ - განაცხადა კახი კახიშვილმა.
მიმართვაში კახა კახიშვილმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურის კუთხით. მან განსაკუთრებით გამოყო მე-16 დაბალი რისკის დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში მსჯავრდებულები დასაქმდებიან და, ასევე, მე-6 მაღალი რისკის დაწესებულება, რომელიც მალე გაიხსნება.
მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ქალ მსჯავრდებულებზე ზრუნვის პროგრამა, ასევე, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის პროგრამები, რომლის ფარგლებში C ჰეტატიტით დაავადებულ მსჯავრდებულთა მკურნალობა ახალი მედიკამენტით - სოფოსბუვირით დაიწყო. გარდა ამისა, ახალი მედიკამენტებით მკურნალობენ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულებსაც.
კახა კახიშვილმა ყურადღება გაამახვილა სასჯელის მოხდის ახალი ფორმის - შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით განხორციელებაზე, რომელიც თავიდან არასრულწლოვნებს შეეხება, მომავალში კი, სხვა მსჯავრდებულებზეც გავრცელდება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პენიტენციური სისტემის თანამშრომლები სხვადასხვა ფორმით დაჯილდოვდნენ.