საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩომ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულმა წარმომადგენლობამ დევნილთათვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
წეროვანში, დევნილთა ჩასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად-კონცერტით გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდი “The Salamanca Band and Bugles of The Rifles“ წარსდგა. კონცერტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დაესწრო. მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დევნილების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალგაზრდა მომღერლებმა და ბენდთან ერთად ერთობლივი ნომრები შეასრულეს. წეროვანში დევნილთათვის მხარდასაჭერ კონცერტს დაესწნენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. კონცერტის დაწყებამდე ბენდის წევრები დევნილებს შეხვდნენ და პირად გაიცნეს ისინი.
„The Salamanca Band and Bugles of The Rifles“ გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ-დასავლეთის ერთადერთი ტერიტორიული არმიის ბენდია. ბენდი საქართველოში 10 სექტემბერამდე დარჩება და კონცერტებს გამართავს როგორც თბილისში, ასევე გორში, ქუთაისსა და ბათუმში.