სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მაღაზიით სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფას ეხებოდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ დღესდღეობით პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარება კარდინალურად შეცვლილია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები გამართულად ფუნციონირებდეს და მსჯავრდებულებს სასურველი პროდუქციის შეძენა შეუფერხებლად შეეძლოთ. ამიტომაც, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ყველა დაწესებულებაში შეიქმენება ლოკალური ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მაღაზიების ფუნქციონირებას და ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება ექნებათ.
სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციაში აღნიშნული იყო, რომ შპს GMM-მა თავი ვერ გაართვა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების პროდუქციით მომარაგებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ დასახელებული კომპანია 1 აგვისტოდან აღარ ახორციელებს დაწესებულებების პროდუქციით მომარაგებას.
24 აგვისტოდან დაწესებულებების მაღაზიებს ემსახურება კომპანია „კალინა ჯორჯია“, რომელმაც სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა და პრობლემები, რომლებიც სახალხო დამცველის რეკომენდაციაში აისახა, უკვე ერთი თვეა აღმოფხვრილია. ამ ეტაპზე მსჯავრდებულთა მხრიდან ამ კუთხით რაიმე უკმაყოფილება და პრეტენზია არ დაფიქსირებულა.