5-6 სექტემბერს ზღვისპირა ქალაქში "ბათუმობის" დღესასწაული აღინიშნა. წლვანდელი "ბათუმობა" საინტერესო ღონისძიებებითა და მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული. ამავე დროს, ღონისძიებები ყველა ასაკისა და გემოვნების ბათუმელსა და მის სტუმარზე მორგებული.
5-6 სექტემბერს "ბათუმობის" ფარგლებში დუმბაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩები საგანგებოდ იქნა მორთული, სადაც სასულე ორკესტრის მსვლელობა, პანტომიმის თეატრისა და თითების თეატრის წარმოდგენები, სამეჯლისო ცეკვები გაიმართა და ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა მოეწყო. ევროპის მოედანზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ფესტივალი "განდაგანა", რომლის ძირითადი თემატიკა იყო აჭარული სოფელი, მთელი თავისი ხიბლითა და კოლორიტულობით. ქუჩების შესასვლელი მოეწყო ისე, როგორც აჭარულ სოფლებშია. მთლიანი ტერიტორია კი სოფლის ერთი დიდი ეზო იყო, ხის ორღობეებითა და სოფელთან ასოცირებული სხვადასხვა დეკორაციის გამოყენებით. მიწის ნაცვლად ზოგიერთი ადგილი თივით დაფარა. ევროპის მოედანზე განთავსდა ასევე სახლის მაკეტი. ფესტივალი მუსიკალურად ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა გააფორმეს. საღამოს კი ღონისძიებას ადგილობრივი ეთნო-ჯაზ, ეთნო-როკ და პოპ ბენდები შეუერთდნენ. გაიმართა თამაშობები და თემატური შეჯიბრებები: მაგალითად, შეჯიბრი სიმინდის სწრაფად დარჩევაში, ბაგირის გადაწევაში და ასე შემდეგ. ჩატარდება მასტერკლასები: მონაწილეებმა შეძლეს ყველის ამოყვანა, თათარას გაკეთება და ჩურჩხელის ამოვლება.ერთი სიტყვით, სტუმრებს ქალაქიდან გაუსვლელად შესაძლებლობა მიეცათ მთიან აჭარაში ემოგზაურათ.
"ბათუმობაზე" არც ბავშვები დარჩენილან უყურადღებოდ, მათ ბულვარის კოლონადებთან გასართობი მიუზიკლით "ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში" უმასპინძლეს.
ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა საპატიო ბათუმელებიც დაასახელა: მუსიკოსი ლაშა ღლონტი, ექიმი ავთანდილ დიასამიძე, სპორტსმენი გია ჯორბენაძე, პედაგოგი დალი ჭილიძე, არქიტეტქორი ელგუჯა ცივაძე და არქეოლოგი ამირან კახიძე. დაჯილდოვების ცერემონიალი მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, სადაც დაჯილდოების შემდეგ, ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკა რაჭველის დირიჟორობით, პროექტი „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ წარმოადგინა. ბათუმში პროექტი პირველად იყო წარმოდგენილი. რამდენიმე სიმღერა, ორკესტრის თანხლებით, მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა შეასრულა. პროგრამაში იყო ჩარლი ჩაპლინის, ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ლალო შიფრინისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები.
ორი დღის განმავლობაში ანბანის კოშკის მიმდებარედ ფლამენკოს ცნობილმა ანდალუზიელმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ხოსე კანდელამ სპეციალური შოუ გამართა. ანბანის კოშკთან საღამო უფასო კონცერტებმაც მოიცვა, მათ შორის იყვნენ ბათუმური ჯგუფები: „Black Sea“, „Strawberry fields“, „The Nemo“, „Sound lab“, „Rene Band“, ასვე მებო ნუცუბიძე და ჯგუფი "BEARFOX". „ბათუმობა“ გალა კონცერტით დასრულდა. კონცერტში მონაწილეობდნენ: კვარტეტი „ნოტა“, ხვიჩა მაღლაკელიძის კვარტეტი, ანსამბლი „ბათუმი“, აჩიკო ბერიძის კვარტეტი, ნანა მესხი, ლაშა ღლონტი, თეატრალური კვარტეტი, ჯგუფი „ფრანი“ და კაროლინა ჩერნეცკა.