ერთი ამოსუნთქვით შესრულებული ნამუშევარი, რომელიც წლების განმავლობაში შემორჩება ზღვისპირა ქალაქს
„ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში სტრიტ არტის ფესტივალი გრძელდება! ბათუმში 5 მნიშვნელოვანი კედელი მოიხატა, რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბნებში შეირჩა და დამსვენებლების ყურადღებას იპყრობს. ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სხვადასხვა უბანში ტურისტებსა და ბათუმელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხატვის პროცესისთვის თვალყური თავად ედევნებინათ.
გუშინ, ზღვისპირა ქალაქს კიდევ ერთი უნიკალური ნამუშევარი შეემატება. გოგებაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კედლის მოხატვაზე მხატვარმა გელა წულაძემ და მისმა მეგობრებმა გიორგი ჩაუშბამ და ირაკლი ადეიშვილმა იზრუნეს. ეს არის ბათუმის სიმბოლოების ერთობლიობა - საკმაოდ ლამაზი ნამუშევარი: გული, ზღვა, გემი და მხატვრებისეული განწყობა... ნახატის ავტორებმა გელა წულაძემ და გიორგი ჩაუშბამ ეს ყველაფერი სტრიტ არტის ხელოვნების გამოყენებით ბეტონზე გადაიტანეს. ეს არის ერთი ამოსუნთქვით შესრულებული ნამუშევარი, რომელიც წლების განმავლობაში შემორჩება ქალაქს.მნიშვნელოვანია, რომ სტრიტ არტის ფესტივალის ეს ბოლო ნახატი ავტორებმა „ბათუმობის“ დღესასწაულს მიუღვნეს და მიაჩნიათ, რომ „სიყვარული გადაგვარჩენს!“
შეგახსენებთ, რომ მხატვარი გელა წულაძის თაოსნობით 22 აგვისტოს, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, "აბრეშუმის გზის" მხარდაჭერით, “მაგების ფონდის” გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აბრეშუმის თავსაფრების კოლექცია, რომელზეც მე-20 საუკუნის თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებია დატანებული. ზღვისპირა ქალაქი გამოფენას „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში სექტემბრის ბოლომდე უმასპინძლებს.
უნიკალური ნამუშვრები საფრანგეთიდან შავიზღვისპირა ქალაქში ბენუა ფერომ ჩამოიტანეს. „აბრეშუმის გზა“ მთლიანად ეძღვნება თანამედროვე ეპოქის ხელოვნებას, კოლექციებს, რომლის ნახვაც ახლა უკვე ბათუმშია შესაძლებელი. თავსაფრებზე წარმოდგენილია მე-20 საუკუნის ისეთი ცნობილი მხატვრების ექსკლუზიური ნამუშევრები, როგორებიც არიან შაგალი, ბრაკი, მირო და სხვა. ბათუმი მესამე ქალაქია, სადაც აბრეშუმის თავსაფრების სრული კოლექციის ნახვის შესაძლებლობა მიეცა დამთვალიერებელს.