5-6 სექტემბერს ბათუმში "ბათუმობის" დღესასწაული აღინიშნება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით 2015 წლის "ბათუმობა" საინტერესო ღონისძიებებითა და მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული. ამავე დროს, ღონისძიებები ყველა ასაკისა და გემოვნების ბათუმელსა და მის სტუმარზეა მორგებული.
5-6 სექტემბერს "ბათუმობის" ფარგლებში დუმბაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩები საგანგებოდ იქნება მორთული, სადაც გაიმართება სასულე ორკესტრის მსვლელობა, პანტომიმის თეატრისა და თითების თეატრის წარმოდგენები, სამეჯლისო ცეკვები და ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა. ევროპის მოედანზე ჩატარდება ფესტივალი "განდაგანა", რომლის ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. "ფესტივალ "განდაგანას" ძირითადი თემატიკა იქნება აჭარული სოფელი მთელი თავისი ხიბლითა და კოლორიტულობით, რაც სტუმრებს ქალაქიდან გაუსვლელად მისცემს საშუალებას მთიან აჭარაში მოგზაურობის.
5 სექტემბერს "ბათუმობა" ბავშვებს ბულვარის კოლონადებთან გასართობი მიუზიკლით "ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში" უმასპინძლებს. "ბათუმობის" ოფიციალური გახსნის ცერემონია დუმბაძის ქუჩაზე გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან საპატიო ბათუმელები, ღონისძიებას კი მუსიკალურად ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი გააფორმებს.
5-6 სექტემბერს, 18:00 საათიდან, ანბანის კოშკის მიმდებარედ ფლამენკოს შოუს ცნობილი ანდალუზიელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ხოსე კანდელა გამართავს. ანბანის კოშკთან ჩატარდება საღამოს უფასო კონცერტები ბათუმური ჯგუფების შესრულებით: „Black Sea“, „Strawberry fields“, „The Nemo“, „Sound lab“, „Rene Band“. კონცერტს დაასრულებს მებო ნუცუბიძე და ჯგუფი "BEARFOX". "6 სექტემბერს "ბათუმობის" ფარგლებში, ბათუმის მუსიკალური ცენტრი ნიკოლოზ რაჭველისა და ანიტა რაჭველიშვილის საერთო პროექტს უმასპინძლებს, აჟღერდება მსოფლიო კინომუსიკის შედევრები.
6 სექტემბერს გალა კონცერტი გაიმართება ანბანის კოშკთან.