„ჰით ბათუმი 2015“ გრძელდება. 5-6 სექტემბერს ბათუმში “ბათუმობის" დღესასწაული აღინიშნება. პროექტის ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქი ნიკოლოზ რაჭველისა და ანიტა რაჭველიშვილის საერთო პროექტს უმასპინძლებს.
კვირას, 6 სექტემბერს, 21:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში (მის: ოდისეი დიმიტრიადის ქ. #1) ანიტა რაჭველის, დავით ალადაშვილისა და გიორგი ცაგარელის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, სადაც მსოფლიო კინომუსიკის შედევრები აჟღერდება. კონცერტზე დაუკრავს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.
ქართველი მეცო-სოპრანო ბათუმელებსა და მათ სტუმრებს სასიმოვნო საღამოს პირდება.
საქართველოში ფართო საზოგადოებამ ანიტა რაჭველიშვილი მაშინ გაიცნო, როდესაც ის ცნობილი დირიჟორის დანიელ ბარენბოიმის რჩეული გახდა. მაშინ დირიჟორი ლა სკალას საოპერო თეატრის სადირიჟორო პულტთან იდგა, ანიტა კი ბიზეს “კარმენის” ერთ-ერთ ყველაზე თამამ დადგმაში კარმენის ძალიან პრეტენზიულსა და მრავალმხრივ პერსონაჟს ითავისებდა. ანიტას განგებ მოუხეშავმა და ძლიერმა კარმენმა როგორც ვოკალურად, ისე არტისტული შესრულების თვალსაზრისით არაჩვეულებრივი ეპითეტები დაიმსახურა. ეს მოხდა 2009 წლის დეკემბერში. წარმატებული დებიუტის შემდეგ რაჭველიშვილმა კიდევ ბევრ დიდ სცენაზე გააჟღერა საკუთარი ხმა და ბევრგან აღიარეს როგორც ძლიერი და საინტერესო მეცო-სოპრანო.