„სახე“ და Poetry n Motion ამჯერად ბათუმში, ისევ ერთ სცენაზე დაბრუნდნენ და „წვიმად გადავიქეცი...“ 16 წლის შემდეგ ისევ ერთად ააჟღერეს.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯგუფები კონცერტისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ. თუ არ გაუმართლათ 16 წლის წინ, ამის შესაძლებლობა მათ თაყვანისმცემლებს კიდევ ერთხელ მიეცათ. ზღვისპირა ქალაქმა პროექტის „ჰით ბათუმი 2015“ ფარგლებში Poetry n Motion-სა და „სახეს“ უმასპინძლა. ჯგუფების ცნობილი და მონატრებული ჰიტები ქალაქში გათენებამდე ისმოდა. მართალია, ჯგუფები 90-იან წლებში შეიქმნა მაგრამ მათ სიმღერებს დღესაც უსმენენ და უყვართ.
„საქართველოში სრული შემადგენლობით დავბრუნდით. ბათუმში ჩვენ ცნობილ და მონატრებულ ჰიტებთან ერთად ახალი სიმღერებიც შევასრულეთ. მსმენელი დროში მოგზაურობაში სიამოვნებით წამოგვყვა, ეს იყო საოცარი საღამო, მსმენელი იყო ძალიან ენერგიული, მათგან დადებითი მუხტი მივიღეთ, საღამოს დასრულება აღარ გვინდოდა. სცენაზე ბოლომდე დავიხარჯეთ და ვფიქრობ საქართველოში ისევ დავბრუნდებით, “ - ამბობს კონცერტის დასასრულს მაიქლ ამიერი.
„ყველა ბედნიერი და გახარებულია... ეს იმას ნიშნავს რომ 16 წლის პაუზის შემდეგ ეს კიდევ ერთხელ შევძელით და გამოგვივიდა,“ - აღნიშნავს მომღერალი დათო ხუჯაძე.
„კონცერტი შედგა. ჩვენ ყველა ჰიტი შევასრულეთ, და კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე და დავრწმუნდი, რომ ჩვენი ყველა სიმღერა ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად ყველამ იცის ზეპირად და უყვარს, ჩვენ გამარჯვებული ჯგუფი ვართ,“ - ამბობს კომპოზიტორი დათო ფორჩხიძე.
Poetry n Motion მაიქლ ამიერიმ 90-იანი წლებში შექმნა. ჯგუფმა საერთაშორისო წარმატებას სიმღერის Romeo and Giuliet განსხვავებული ინტეპრეტაციით მიაღწია, რომელიც მალევე ჰიტად იქცა.
https://www.youtube.com/watch?v=Gp45JprGwKA
ჯგუფი „სახე“ 1993 წელს დათო ფორჩხიძემ დათო ხუჯაძესა და გოგა ხაჩიძესთან ერთად შექმნა. “როცა იმ ბნელ 90-იანებში მუსიკას ვწერდი, ვიცოდი, რომ ეს სიმღერები აუცილებლად გაჰიტდებოდა, ვიცოდი რომ ვარსკვლავები გავხდებოდით და თვალწინ მედგა როგორ მივიდოდით ლიმუზინით ან ვერტმფრენით კონცერტებზე,”- იხსენებს ფორჩხიძე.
https://www.youtube.com/watch?v=uve8wTeVj78
ეს მართლაც ასე მოხდა. “სახემ” ქართულ პოპ მუსიკაში გადატრიალება მოახდინა. ეს იყო პირველი და ყველაზე პოპულარული ბოიბენდი, რომელმაც შეცვალა ქართველი მსმენელის მენტალიტეტი, დაამკვიდრა შესრულების ახალი, პოპ მანერა და არანჟირება. ჯგუფის ჰიტები 1997-2000 წლებში დაწერილი და არანჟირებულია დათო ფორჩხიძის მიერ, ესენია: “თოვლი მოსულა”, “შენ რა სექსი ხარ“, “რომ შემეძლოს მე“, “ ამაღამ”, “როგორ მინდა მოგეფერო”, “ახლა შენი დროა” , “მაღლა ხელები”, „წვიმად გადავიქეცი“ „Poetry N Motion”-თან ერთად.მალევე გაკეთდა ამ ჰიტების რიმეიქები. სახეს გამოუჩნდნენ მიმდევრები, შეიქმნა ბევრი ბოიბენდი. დათო ფორჩიხიძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიტორია, შექმნილი აქვს 600 - მდე სიმღერა და ფილმების, სერიალების საუნდტრეკები.