ყველაზე ხმაურიანი, მხიარული, ენერგიული და დაუვიწყარი საღამო ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე
”ჰით ბათუმი 2015” გრძელდება. ზღვისპირა ქალაქმა გრუვსონიქსის უმასპინძლა. ბათუმელებსა და დამსვენებლებს ჯგუფმა ცნობილი და მონატრებული ჰიტები წარუდგინა, კონცერტის ბოლოს მუსიკოსებმა მსმენელიც კი აამღერეს. ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ყველაზე ხმაურიანი, მხიარული, ენერგიული და დაუვიწყარი საღამო შედგა. საქართველოში ეს მათი პირველი კონცერტი ნამდვილად არ არის, თუმცა ბათუმს პირველად ეწვივნენ.
გრუვსონიქსიმ ცოცხალი მუსიკა იშვიათი ვირტუოზობით შეასრულა, დაუკრეს როკი, ფანკი, ერთმანეთში არიეს კლასიკური ფავორიტები, თანამედროვე ჩარტების ჰიტები, და საოცარ მელოდიებად გადააქციეს. ასეთი კრეატიული კროს-ჟანრული წყობებით მათ მოსულ მსმენელს კიდევ მეტი ენერგია შემატეს, რაც კონცერტის დასრულებამდე არ განელებულა.
ჯგუფის მონაწილეები საერთაშორისოდ ცნობილი „ჯემიროქვაის“ მოქმედი წევრები და სპეციალურად მოწვეული ბრიტანელი მომღერლები არიან. ისინი ყველაზე დიდ საკონცერტო სცენებსა და ტურებზე მონაწილეობენ და პლატინუმ დონის ალბომებს წერენ. სიმღერებს ასრულებენ, როგორც ჯემიროქვაის, ასევე სხვა ცნობილ შემსრულებელთან ერთად, როგორებიც არიან ენი ლენოქსი, ტინა ტერნერი, ჯორჯ მაიკლი, რობი უილიამსი და კაილი მინოუგი. ასევე მონაწილეობდნენ F1-ის, ჰარლი-დევიდსონის, მარსის და შანელის კორპორატიულ ღონისძიებებში.