საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ქ. ფოთის მერი ირაკლი კაკულია ფოთში იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებმაც გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, კრიტერიუმების შესაბამისად 2014 წლის 9 აგვისტოს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინა მიიღეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ბინების აზომვითი ნახაზების შედგენა, რის საფუძველზეც ხდება ფართების საჯარო რეესტრში დარეგსტრირება და დევნილებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. 280 დევნილი ოჯახიდან საკუთრების მოწმობა 115 დევნილ ოჯახს სოზარ სუბარმა და ფოთის მერმა პირადად გადასცეს. დაკანონების პროცესი 5 სექტემბრისთვის დასრულდება და 280 დევნილი ოჯახი ბინის მესაკუთრე გახდება.
მთლიანად სამეგრელოს რეგიონში, 1300 დევნილ ოჯახს დაუკანონდა მართლზომიერმფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი და ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა, ფოთის მერთან ერთად ის დევნილი ოჯახებიც მოინახულა, რომელსაც „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ საკუთარი სახლი საკარმიდამო ნაკვეთით შეუძინა.
თემურ ავიჯბას სამსულიანი ოჯახი ოჩამჩირიდან დევნილია და 21 წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. თემურ ავიჯბა 1992-1993წწ. სპეციალური დანიშნულების რაზმში იბრძოდა და არაერთგზის იყო დაჭრილი. სამინისტრომ მას განაცხადის და კრიტერიუმების შესაბამისად ფოთში საკუთარი სახლი შეუძინა.
ანგელა ემხვარის სამსულიანი ოჯახიც აფხაზეთიდან დევნილია, მას კრიტერიუმების შესაბამისად ფოთის ახლადაშენებულ კორპუსებში ბინის მისაღებად ქულები დააკლდა, რის შემდეგაც მან განაცხადი გადაიტანა „სოფლად სახლის“ პროექტში, სახლის შესასყიდად. თავად მოძებნა საცხოვრებელი სახლი და კრიტერიუმების შესაბამისად ეს ოჯახიც 2 თვეში დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.
სამეგრელოს რეგიონში დღევანდელი მონაცემებით „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში 179, აქედან ფოთში კი 30-მდე სახლია შეძენილი. პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.