პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის „სოფოსბუვირით“ მკურნალობა იწყება

პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის „სოფოსბუვირით“ მკურნალობა იწყება

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების/ბრალდებულების მკურნალობას „სოფოსბუვირით“ იწყებს.

პირველ ეტაპზე, ახალი პრეპარატით მკურნალობის კურსში, 5 პატიმარი ჩაერთვება. წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მოხდება დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დარეგისტრირება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მოხდება მათი პროგრამაში ჩართვა.

ამ ეტაპზე, პენიტენციურ სისტემაში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად მომზადებულია და კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება  150 პაციენტი.

ახალი გენერაციის ანტივირუსული პრეპარატის სოფოსბუვირის ეფექტურობა 90 პროცენტს აღწევს. პრეპარატით მკურნალობას 12 ან 24 კვირა (ვირუსის გენოტიპის მიხედვით) ჭირდება და რაც მთავარია, მკურნალობისას არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები, მედიკამენტი, თერაპიის დაწყებიდან, 24 კვირაში მდგრად ვირუსოლოგიურ პასუხს იძლევა.

 სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელების ინიციატივით 2013 წელს სისტემაში ვირუსული C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო.

ახალი პრეპარატი „სოფოსბუვირი“ C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის იდეალურია.

თავდაპირველად მსჯავრდებულებს „ინტერფერონითა“ და „რიბავერინით“ მკურნალობდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატები საკმარისად ეფექტური იყო, მათ სერიოზული გვერდითი მოვლენები ქონდა. შესაბამისად, ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანიის მიერ, C ჰეპატიტის სამკურნალოდ წარმოებული პრეპარატის შემოტანის საჭიროება დადგა.

 ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური დაავადებაა მსოფლიოში. სამედიცინო ექსპერტთა გამოკვლევებით, სხვადასხვა ჯგუფის ჰეპატიტებით დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედია ინფიცირებული. მათ შორის ყველაზე მძიმე C და B ჰეპატიტებია. თავისი მასშტაბურობით ჰეპატიტი მთელი მსოფლიოს პრობლემად არის ქცეული.