გლდანის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ მიმდინარე წელს კორპუსის ამხანაგობების მიერ შემოტანილი 200 განცხადება დააკმაყოფილა. ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის საზოგადოებებმა სამუშაოები პროექტის მიხედვით აწარმოა. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით განცხადებები სახურავების შეკეთებაზე შემოვიდა. გლდანის გამგეობამ 63 ბრტყელი და 6 ქანობიანი სახურავის აღდგენა-გადახურვა დააფინანსა. კორპუსებს შემდეგი სამუშაოები ჩაუტარდა: ამოიჭრა დაზიანებული ადგილები, მოიხსნა ძველი საფარი, ტერიტორია მოსუფთავდა დასამუშავებელად. სახურავის ზედაპირი ბიტუმით დაიგრუნტა. დაისხა ქვიშა-ცემენტის ხსნარი, თხევადი აირის საშუალებით დაიგო ლინეკრომის ფენა. კორპუსებს კი სადაც ქანობიანი სახურავები იყო, მთლიანად შეეცვალათ სახურავის დამჭერი ხის მასალა და თუნუქის ფირფიტები.
ასევე, გამგეობამ აგვისტოს თვის ჩათვლით დააფინანსა 38 ლიფტის აღდგენის პროექტი. დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორი, წამყვანი და მიმყოლი ბაგირი, დარეგულირდა დროის რელე და რიგელი, მოეწყო გამოძახების ღილაკი და განათება, გამოიცვალა შახტის კარი, ლიფტის კაბინებში გაიკრა ახალი პანელები.
17 საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა სართულებშუა ნაპრალების ამოვსება. 16 სადარბაზოში დამონტაჟდა რკინის კარები, ხოლო 15 სადარბაზოში დაზიანებული და კიდეჩამომტვრეული კიბეები ახლით შეიცვალა.
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლდანის მოსახლეობისთვის საცხოვრებელი კორპუსების წესრიგში მოყვანა. დავიწყეთ ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება. პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება და წლის ბოლომდე სახეზე გვექნება ბევრი შეკეთებული საცხოვრებელი კორპუსი და გვეყოლება უამრავი კმაყოფილი ადამიანი. დიდი ხანია კორპუსებში აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა. ეს სამუშაო გლდანის რაიონსა და ქალაქის იერ-სახეს დაამშვენებს.
ასევე ჩატარებულია კორპუსში შიდა სამუშაოები, რაც გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველია, როგორიცაა წყალკანალიზაცია, სადარბაზოს კარებები, წყალსაწრეტები. სადარბაზოებში დავამონტაჟეთ სენსორული განათებები, ახლახანს დავიწყეთ პროექტი, რასაც ქვია - სადარბაზოების რემონტი. ამაყად ვიტყვი, რომ ხარისხიანად ვაკეთებთ საქმეს. დიდი სიფრთხილით ვარჩევთ კონტრაქტორ ფირმებს. საზოგადოება სწორად აღიქვამს ამ სამუშაოების მნიშვნელობას. რაც მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია.
აღნიშნულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით აფინანსებს, ხოლო თანადაფინანსების პროექტში მონაწილე კორპუსების ამხანაგობა პროექტის ღირებულების მხოლოდ 20%-ს. რაც შეეხება წყალკანალიზაციას, ამ პროექტში მოსახლეობის მონაწილეობა 15%-ით განისაზღვრება. “ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.
გლდანის რაიონის საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობისგან შემოსული განცხადებების საფუძველზე ძველი წყალკანალიზაციის მილების ახლით შეცვლა, წყალსაწრეტი მილებისა, სენსორული განათებების დამონტაჟება და ტერიტორიების გამიჯვნა აქტიურად მიმდინარეობს.