"ღამის სერენადები", I CULTURE Orchestra, ედრიენ ბელიუ, ბიგ ჯონსი და გრუვსონიქსი - საღამოები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ
”ჰით ბათუმი 2015” გრძელდება. ამჯერად, 25-30 აგვისტოს ზღვისპირა ქალაქი კლასიკური მუსიკის დღეებს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში დღეს საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" სტარტს აიღებს. კონცერტები ბათუმში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება.
25 აგვისტოდან ბათუმი უკვე მეშვიდედ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „ღამის სერენადებს“ უმასპინძლებს. კამერულ ანსამბლ „ვირტუოზებთან“ ერთად ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული სოლიტები და დირიჟორებიც მიიღებენ. „ღამის სერენადები“ წელს იცვლის გეოგრაფიას და მასშტაბებს და ბათუმის კონცერტებს თბილისური საღამოებიც შეემატება. წელს ფესტივალს თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სახელი მიენიჭა. საფესტივალო საღამოები ბათუმში 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ხოლო 2, 3 და 4 სექტემბერს - თბილისში. ფესტივალი საქველმოქმედო საღამოთი დაიხურება. კონცერტიდან შემოსული თანხა ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება.
ღამის სერენადები 2009 წლიდან ბათუმში იმართება. მისი დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. ფესტივალში მონაწილეობს ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი საერთაშორისო კამერული ანსამბლი "ვირტუოზები" და მსოფლიოში აღიარებული სოლისტები და დირიჟორები. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვა „ღამის სერენადების“ საფესტივალო ჩანაწერების კომპაქტ დისკი, რომლის პრეზენტაცია კვირეულის ფარგლებში შედგება.