საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭრის ა/რ მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და 2015 წლის 18 მაისს საქართველოს მთავრობის N996 განკარგულებით დამტკიცებული პროექტის „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სამინისტროს მიერ 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების აზომვითი საკადასტრო ნახაზების მომზადება, რომლითაც უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების ახლებური წესით რეგისტრაცია (დაზუსტებული), მათი შემდგომი საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ამ პროექტის ფარგლებში 90, ხოლო საქართველოს მასშტაბით 1 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდებათ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
დღესვე, ქ.ბათუმის N 1 პოლიკლინიკის 11 სხვადასხვა პროფილის ექიმმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი და სტიქიური მოვლენების შედეგად აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან ჩასახლებული მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა.