დღეს, ბათულებსა და ზღვისპირა ქალაქის სტუმრებს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო ელოდებათ
”ჰით ბათუმის 2015” ფარგლებში თამარ გვერწითელის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ გრძელდება. დღეს, ბათულებსა და ზღვისპირა ქალაქში ჩასულ სტუმრებს კიდევ ერთი საღამო ელოდებათ. 21:00 საათზე, პიაცაზე მომღერალი მეგობრებთან ერთად მსმენელს ევროპულ რეპერტუარს წარუდგენს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ტენორი ალესანდრო საფინა, იტალიელი აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, ანსამბლი შვიდკაცა, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი სიმფონიური ორკესტრი და ბენდი.
კონცერტის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, სცენოაგრაფი კი ვანო ჭელიძე.
პირველი კონცერტი მომღერალმა ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართა და მსმენელსს სხვადასხვა დროის ცნობილი ქართული ჰიტები შესთავაზა და დროში ამოგზაურა.
თამარ გვერწითელმა და მისმა მეგობრებმა კონცერტებზე მისულ მონატრებულ მსმენელს ნამდვილი მუსიკალური ზეიმი მოუწყვეს. თამარ გვერდწითელმა რამდენიმე სიმღერა ანსამბლ „შვიდკაცასთან“, ნოდიკო ტატიშვილთან და გიორგი სუხიტაშვილთან ერთად შეასრულა. კონცერტი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით მიმდინარეობდა, რომელსაც ჯანლუკა მარჩანო დორიჟირობდა. ბათუმელებმა და ზღვისპირა ქალაქის დამსვენებლებმა დაუვიწყარი საღამო გაატარეს.
„ძალიან დიდი ხანია აქ არ მიმღერია, ასეთი კონცერტი არ ჩაგვიტარებია, სადაც ყველა სიმღერა ქართული რეპერტურიდან ყოფილიყო. ყველა ქართული სიმღერა მარგალიტივითაა, ვერცერთს გამოვარჩევ. ძალიან ბედნიერი ვარ,“ - აღნიშნა თამარ გვერდწითელმა.
მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი საქველმოქმედოა და შემოსული თანხით თამარ გვერდწითელი თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.
ბილეთები იყიდება biletebi.ge -ზე. ბათუმის საზაფხულო თეატრისა და ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის სალაროებში.