სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც N 5 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გაწეულ სამუშაოზე იურიდიულმა დეპარტამენტმა პრეზენტაცია გამართა. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი.
კახა კახიშვილის განცხადებით, არის რიგი თემები, რომელთა მიმართებითაც აბსოლუტურად იზიარებს სახალხო დამცველის მოსაზრებებს.
„პუნქტობრივად განვიხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციები და შევთანხმდით, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, გავაუმჯობესოთ მსჯავრდებულთა მდგომარეობა, როგორც უფლებრივი ისე საყოფაცხოვრებო პირობების კუთხით, “- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინიციატივით, რეკომენდაციების განხილვის პროცესში სამომავლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.