სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სამინისტროს 2015-2017 წლების სტრატეგიული გეგმა მოისმინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სამინისტროს 2015-2017 წლების სტრატეგიული გეგმა მოისმინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს 2015-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის I და  II კვარტლების შესრულების ანგარიში წარუდგინა.

ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეტალურად განიხილეს სამინისტროში განხორციელებული პროექტები და სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები წარადგინეს.

მინისტრი დაინტერესდა, კონკრეტულად როდის გაიწერება ვადები, რომლის განმავლობაშიც მოხდება აღნიშნული გეგმების განხორციელება. კახა კახიშვილის განცხადებით, დეტალურად უნდა განისაზღვროს თითოეულ პროექტზე პასუხისმგებელი პირი, იმისთვის, რომ სისტემის ევროსტანდარტებამდე მიყვანა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს.

,,სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად  განვიხილეთ სამინისტროს სტრატეგია 2015-2017 წლისთვის. კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოთი, მაგრამ  ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, მომავალ პრეზენტაციაზე ძირითადი აქცენტი გააკეთონ  არა იმაზე, რაც გაკეთდა, არამედ, რაც არის გასაკეთებელი. ჩვენ უფრო დეტალურად უნდა გავწეროთ კონკრეტულად ის ვადები, რა ვადებშიც ვაპირებთ სისტემის გაუმჯობესებას და ასევე მივუთითოთ, ვინ იქნება პასუხისმგებელი პირი, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევძლოთ სისტემაში ევროსტანდარტის დამკვიდრება.“ - განაცხადა კახი კახიშვილმა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შემდეგი სამუშაო შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება.