ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია მზადყოფნას გამოთქვამს ყველა დაინტერესებულ სპეციალისტთან და ორგანიზაციასთან ერთად შეიქმნას ახალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის.
გაბუნია შშმ პირებისათვის დამონტაჟებული პანდუსების თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მინდა გამოვეხმაურო შშმ პირებისათვის დამონტაჟებული პანდუსების თემას. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ წლების წინ ერთ-ერთი ვიყავი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგან ვინც აქტიურად საუბრობდა შშმ პირთა უფლებებზე. ახლაც ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვინც აგრძელებს ზრუნვას მათზე რეალურად, საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით. ჩვენ გვყავს ეტლით მოსარგებლე თანამშრომელი რომელიც ჩვენი გუნდის განუყოფელი და საამაყო წევრია.
შშმ პირებზე ზრუნვის სურვილითვე, ცოტა ხნის წინ, ნაძალადევის რაიონის რამდენიმე კორპუსში ეტლით მოსარგებლეთა მომართვის და თხოვნის საფუძველზე დამონტაჟდა ასაკეცი პანდუსი და მინდა გითხრათ, რომ ამ პანდუსით სარგებლობენ ისეთი ეტლით მოსარგებლეები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ვერ გამოდიოდნენ სახლიდან...
რა თქმა უნდა, მე კარგად მესმის რომ ეს ასაკეცი პანდუსი არ არის იდეალური ვარიანტი, რადგან რთულია საბჭოთა არქიტექტურით აშენებულ კორპუსს კარგად მოარგო ზუსტად ისეთი პანდუსი, რომელიც იდეალურად ჩაითვლება, თუმცა მაქვს გულწრფელი სურვილი, რომ ამ ადამიანებს უკეთესი გარემო შევუქმნათ და მზად ვართ ამისთვის. აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე, გამგეობამ კორპუსის ამხანაგობის და შემსრულებელი კომპანიის შემოთავაზებული პროექტი საექსპერტო ორგანიზაციას გაუგზავნა და მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ დაიწყო სამუშაოები.
სამწუხაროდ, პანდუსების სამონტაჟო სამუშაოების დაწყებისათვის საჭირო დასკვნის მომზადებისას საექსპერტო ორგანიზაციის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა, რომელიც მის მიერ გაცემულ დასკვნაში მთავრობის მიერ დადგენილი სტანდარტების არ გათვალისწინებაში გამოვლინდა.
ახლა ჩვენი ამოცანა სწორედ ამ სტანდრტების დაცვით მოქმედებაა.
მზად ვარ ყველა დაინტერესებულ სპეციალისტთან და ორგანიზაციასთან ერთად შევქმნათ ახალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მინდა ვთხოვო მათ ამ საკითხში თანადგომა, რადგან პროგრესი თანამშრომლობის გზით წარმოგვიდგენია“, - აცხადებს ზაზა გაბუნია.