ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ

ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ

გლდანის VI მ/რ–ის მეორე კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაgედიიდან ერთი თვის შემდეგ  გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე მას მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ინფორმაცია მიაწოდა გასული ერთი თვის განმავლობაში დაზიანებული კორპუსის აღდგენისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ.  

გასული ერთი თვის განმავლობაში  ტერიტორია გაიწმინდა ნანგრევებისგან და შემოიღობა თუნუქის ფირფიტებით .  გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად ირგვლივ მდგარ კორპუსებში გამოიცვალა აფეთქების შედეგად დაზიანებული მინები.  ნგრევის სიმძიმიდან გამომდინარე კორპუსის ორივე მხარეს მოიჭრა მიწა და მოხდა ქვაბულების ამოღება. დამუშავების  შემდეგ მასში ჩაისხა რკინა-ბეტონი, რაზეც დამაგრდა ლითონის კონსტრუქციები, რითაც  მოხდება VI, VII, VIII, IX  სართულების დაჭერა.  შემდეგ დაიწყება V სართულის დაზიანებული ფლიგელის მთლიანი დემონტაჟი ორივე მხრიდან  და ახლით  აღდგენა.  ადგილზევე  მოხდება რკინის კარკასის შეკვრა,  ჩაისხმება მონოლითი და  ახალი, მზიდი  კედლები  ჩამოისხმება.  ქვემო ორ სართულზე ჩაშლილი ჭერი და იატაკი შეიცვლება ახალი ბეტონის ფილებით. ამით  აღდგენითი პროცესის I და II ეტაპი დასრულდება, რომელსაც შპს „მადლი“ ახორციელებს.

გლდანის რაიონის გამგებელი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო გოგუაძე გაეცნენ დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს  და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ.

აფეთქებიდან  დღემდე შექმნილ ვითარებას აფასებს დაზარალებული მირზა პაპიევი: „დღემდე ყურადღება არ მოგვკლებია.  ამავე კორპუსის დაუზიანებელ სადარბაზოში ვიქირავე ბინა. მყავს მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე. ყოველდღე გამოვდივარ და ვუყურებ, თუ როგორ წარმოებს ჩემი დაზიანებული სახლის აღგენითი სამუშაოები. უზარმაზარი  სამუშაოები ტარდება. არ შეიძლება სიკეთე და მზრუნველობა არ დაინახო. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ქალაქის მერს და გლდანის რაიონის გამგებელს  ასეთი ყურადღებისა და თანადგომისთვის“.

დაზიანებული კორპუსის სადარბაზოებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ.

“ტრაგედიიდან რამდენიმე საათში დაზარალებული 45 ოჯახი -189 ადამიანი, სასტუმროებში გადავიყვანეთ.  მოხდა მათი უზრუნველყოფა პირველად მოხმარების ნივთებით, სამჯერადი კვებით, მაქსიმალური კომფორტით. სასტუმროში მუდმივად მორიგეობდნენ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული 45-დან 9 სახლი დაზიანებული არ იყო. ეს ცხრა ოჯახი მალევე შევასახლეთ. დარჩენილი ოჯახების ბინის ქირის კომპენსაციას მერიის სარეზერვო ფონდი უზრუნველყოფს;  ასევე, გაეწია ერთჯერადი დახმარება  გარდაცვლილთა ოჯახებს.
მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი ძლიერ დაზიანებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღდგენას დაექვემდებარა. ზარალი ძალიან დიდია, მისი დაფარვა  ქალაქის მერიამ მთლიანად  თავის თავზე აიღო. მიმდინარეობს თანხების ეტაპობრივად გამოყოფა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ  აღდგენითი სამუშაოები, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. სავარაუდოდ, სამუშაოები ახალი წლისთვის დასრულდება.“- აცხადებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე.