თბილისის მერი დავით ნარმანია და დედაქალაქის მთავრობის წევრები წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ქსელების აღდგენისას დაზიანებული საფარის ხელახალი მოწყობა, დედაქალაქში გაუმართავი ქსელების არსებობა, სამუშაოების ხარისხის გამოსწორება, საკანალიზაციო ჭების გზის ნიშნულებთან მოყვანის აუცილებლობა და სხვა.
„კომპანიას წარვუდგინეთ ინფორმაცია წყალმომარაგებისას არსებული ტექნიკური პრობლემების თაობაზე, რაც რაიონული გამგეობების მიხედვით არის დაყოფილი. როცა დაზიანებებზე ხდება ტექნიკური რეაგირება, მნიშვნელოვანია ხარისხიანად შესრულდეს სამუშაო, ამიტომ, თავდაპირველად ჩვენ სამსახურებთან კოორდინაციით მოხდება მათი შესრულება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მხარები შეთანხმდნენ, რომ კომპანია GWP-ის წარმომადგენლები, გამგებლების მიერ წარმოდგენილ პრობლემატურ საკითხებს ადგილზე გაეცნობიან და შესაბამის ზომებს მიიღებენ. ამასთან, განისაზღვრება 2016 წლის სამოქმედო გეგმა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია კომპანიის მხრიდან ინვესტიციების გაზრდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გადაჭრა ვერ მოხერხდება.