ოზურგეთში გომისმთაზე

ოზურგეთში გომისმთაზე "გომისმთობის“ ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  კურორტ გომისმთაზე  „გომისმთობის“ დღესასწაული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით  14 აგვისტოს გაიმართა.

„გომისმთობა – 2015“  სპორტული ღონისძიებებით დაიწყო. მოეწყო შეჯიბრი მინიფეხბურთსა და ფარიკაობაში. გაიმართა კარვების კონკურსი, რომლის გამარჯვეულებიც პოლონელი ტურისტები გახდნენ. გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტმა სპეციალური დიპლომები გადასცა.

ტრადიციული დოღი, რომელსაც დამსვენებელი განსაკუთრებულად ელოდა მამა-შვილმა ბაჩო და დავით ლატარიებმა მოიგეს.

 „გომისმთობა“ 2015 - ს  ადგილობრივი ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის  პირველი პირები დაესწრნენ.

„ეს არის უნიკალური თვისებებით გამორჩეული სამთო კურორტი, სადაც ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰაერი ერწყმის. გომისმთას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კურორტი ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად იქცეს. მომავალი წლისთვის აქ წყლის და ელექტროენერგიის პრობლემას მოვხსნით. მალე დაიწყება მუშაობა კურორტის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის“ - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

გარდა ადგილობრივი ტურისტებისა გომისმთას უცხოელი დამსვენებლებიც სტუმრობენ.

„ არაჩვეულებრივი დღე მოგვიწყვეს.  არ ველოდით. გამოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება და ნება, რომ ძალიან უნდათ კურორტის განვითარება და ეს მისასალმებელია. მიუხედავად არაკომფორტული პირობებისა, გამორჩეული კლიმატისა და უნიკალური ბუნების გამო გომისმთა ბევრის საყვარელი ადგილია. ჯგუფ „ბანის“ კონცერტიც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო და ემოციების ქვეშ ვართ “ - აღნიშნა დამსვენებელმა გვანცა ცინცაძემ.

ღონისძიება ჯგუფ „ბანისა“ და მომღერალ დავით კენჭიაშვილის კონცერტით დასრულდა.

დღესასწაული ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში იმართება  და მიზნად კურორტის პოპულარიზაციას ისახავს.