”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 10-16 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება.
13 აგვისტოს, დღის განმავლობაში 19:00 საათზე (ბულვარი და ბათუმის ქუჩები) და 23:00 საათზე (საფესტივალო კლუბი Take Five) ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე ნიუ იორკ ბრას ბენდი იზრუნებს. ისინი მოძრაობენ, უკრავენ, მათ ზოგჯერ მოსიარულე ორკესტრსაც უწოდებენ. არ გამოტოვოთ, თქვენც იმოძრავეთ მათთან ერთად. რეპერტუარით, რომელიც მარვინ გეისა და ჯორჯ მაიკლსა თუ სი ლო გრინსა და სტივ ვანდერს შორის მერყეობს, აუცილებლად მოინუსხებით.
ისინი მრავალფეროვანი ჩასაბერი ინსტრუმენტებით ირგვლივ მყოფთა ყურადღებას იწვევენ. ნიუ იორკ ბრას ბენდი 2010 წელს ჩამოყალიბდა. ისინი არიან დინამიურები, მოქნილები, ცოცხლები, რომელთაც შეუძლიათ წარმოდგენის გამართვა როგორც ქუჩაში, ასევე დახურულ სივრცეში.
გარდა ამისა, დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი „ტროელი ქალები“ გაიმართება. საღამოს ქართველ მსახიობებს უნგრეთის დასი ჩაანაცვლებს, საფესტივალო კლუბი Take Five კვლავ უნგრეთიდან მოწვეულ „მოცეკვავე გრაფიტებს“ - BANDART Productions-ს უმასპინძლებს.
სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.
ბათუმში თეატრალური კვირეული დაიწყო, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.
ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:
14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“
14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass
15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“
15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band
16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი