”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 10-16 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება.
სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.
ბათუმში თეატრალური აუდდორის კვირეული დაიწყო, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.
ქუჩის თეატრის დღეების დაწყება ბათუმის ბულვარში "სპარკი! ლედ დრამერებმა“ გვამცნეს. ბულვარში მანათობელმა დრამერებმა არნახული შოუ დადგეს!
ერთი სიტყვით, ქუჩის თეატრის დღეები დაიწყო!
დღეს დილიდან კი, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის მსახიობებმა ბათუმელებსა და ქალაქის დამსვენებლებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს. პანტომიმები მათთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ - თეატრალიზებული მსვლელობა მათ ბულვარიდან დაიწყეს და სანაპირო ზოლს გაჰყვნენ. გზადაგზა ისინი დამსვენებლებს სხვადასხვა ქუჩის პერფომანს სთავაზობდნენ.
„ბათუმი არანორმალურად ლამაზი ქალაქია, შექმნილია სწორედ, ასეთი ფესტივალისთვის. აქ არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული მაყრებელი და მსმენელია... ასე რომ, გელით, ყოველ დღე აქ სასწაული ხდება,“ - აღნიშნავს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.
დღეს საღამოს კი, 21:30 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კორტები ბოლივუდ მასალა ორკესტრას უმასპინძლებს. ისინი ინდოეთიდან „ჰით ბათუმის“ პროექტის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქს სპეციალურად ესტუმრნენ.
გვიან ღამით ბულვარში ყველას კვლავინდებურად მანათობელი აღლუმი გელით - კვლავ Spark! LED Drummers ლოდნონიდან.
10-16 აგვისტოს ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:
12 აგვისტო, 20:00, ერას მოედანი - მაგიდა ორისთვის (ესპანეთი)
12-13 აგვისტო, 23:00, ბულვარი - მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)
13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი - სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“
13 აგვისტო, 19:00 - ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band
14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“
14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass
15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“
15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band
16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი