”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 10-16 აგვიტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება.
სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.
დღეიდან ბათუმში თეატრალური აუდდორის კვირეული იწყება, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება.
ქუჩის თეატრის დღეების დაწყებას კი დღეს, 21:00 საათიდან ბათუმის ბულვარში "სპარკი! ლედ დრამერები“ გვამცნობენ. დღეს საღამოს, თუ ბულვარში მანათობელ დრამერებს შენიშნავთ, არ გაგიკვირდეთ - ქუჩის თეატრის დღეები იწყება!
„ღია სივრცეს განსაკუთრებული დადებითი მხარე აქვს, მით უფრო ზაფხულში და ისეთ ქალაქში როგორიც ბათუმია. ეს იქნება მაღალი დონის წარმოდგენები, ჩვენ ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს სასიამოვნო და შთამბეჭდავ საღამოებს ვპირდებით, “ - განმარტავს ქუჩის თეატრის დღეების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკა მაზმიშვილი
„ღია ცის ქვეშ სპექტაკლები ეს არ არის ახალი, მას თეატრალურ სამყაროში უძველესი ტრადიცია აქვს. მახსენდება როლანდ ბარტის სიტყვები, რომ ის ხშირად ხაზს უსვამდა და ამბობდა, რომ ანტიკურ თეატრში ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას, სწორედ დღის სინათლე იწვევს,“ - აღნიშნავს რეჟისორი დათა თავაძე.
თეატრალური აღლუმი ბათუმში 16 აგვისტოს დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.
10-16 აგვისტოს ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:
11 აგვისტო, 11:00 ბულვარი - ამირან შალიკაშვილის პანტომიმების თეატრი
11 აგვისტო, 21:30, კორტები - ბოლივუდ მასალა ორკესტრა (ინდოეთი)
12 აგვისტო, 20:00, ერას მოედანი - მაგიდა ორისთვის (ესპანეთი)
12-13 აგვისტო, 23:00, ბულვარი - მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)
13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი - სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“
13 აგვისტო, 19:00 - ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band
14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“
14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass
15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“
15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band
16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი