სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მთავრობის წევრებმა.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 12 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს. სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა ბაბუშერას სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია.
იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ-პროფილები და დაღუპლთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ამ ეტაპზე, სულ იდენტიფიცირებულია 21 ნეშტი.
წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.