გაზეთი „ვერსია“ მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის პილოტირების პროცესს სტატიას უძღვნის, სადაც ნათქვამია, რომ პროფესიული განათლების სისტემაში, ისე როგორც განათლების ყველა სფეროში, ბოლო დროს არაერთი სიახლე დაინერგა.
მათ შორისაა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის პილოტირებაც, ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 7 აგრარული მიმართულების პროგრამა დაინერგა. არც ისე დიდი ხნის წინ კი, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და აღნიშნული პროგრამების დანერგვის სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა. მიმდინარე წელს გეგმაშია 50-მდე პროგრამის დანერგვა, ხოლო 2017 წლიდან, სისტემა სრულად გადავა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მთავარი სიახლე, რაც მოდულურ პროგრამებს შემოაქვს ესაა სწავლის შედეგებზე ორიენტაცია, პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება და სწავლება-შეფასების თანამედროვე მიდგომები. სტუდენტებს, პროფესიის დასაუფლებლად რამდენიმე თეორიული საგნის შესწავლის ნაცვლად, კონკრეტულ პროფესიაზე მორგებული მოდულების გავლა მოუწევთ, რაც ხელს შეუწყობს ისეთ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც დასაქმების მეტი პერსპექტივა ექნებათ.
„დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ეს სიახლე განათლების სისტემის ზოგიერთმა „კრიტიკოსმა“ დაიწუნა. განსაკუთრებული აქტიურობით კი დენის დავითაშვილი გამოირჩევა, რომელსაც პრინციპში, განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი არცერთი ცვლილება არ მოსწონს. სხვათა შორის, 2014 წელს, სწორედ მისი სარჩელი გახდა საფუძველი, რიგ სასწავლებლებში, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების პილოტირების პროცესი დროებით შეჩერებულიყო. მოგვიანებით, სასამართლომ, მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და როგორც მოგახსენეთ, მიმდინარე წელს, 50-მდე მოდულური პროგრამის დანერგვა იგეგმება. „ვერსია“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ სწავლების ახალ მეთოდს თავად პროფსასწავლებლების ხელმძღვანელები. ისინი, ვინც უშუალოდ ახორციელებენ ამ პროგრამებს. „წინსვლა პროფესიული სწავლების სისტემაში“, - ეს ერთი წინადადება, მათ საერთო განწყობას ასახავს. თუმცა, ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება ექსპერტი სწავლების ამ მეთოდს, ჩვენმა რესპოდენტებმა სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, დავითაშვილის პირად ინტერესებზეც გააკეთეს აქცენტი - თურმე ეს უკანასკნელი შანტაჟით ცდილობს პედაგოგების თავის პროფკავშირში გაწევრიანებას. მათ ბლიც-ინტერვიუებს უცვლელად და უკომენტაროდ გთავაზობთ - დასკვნის გაკეთება, მკითხველისთვის მიგვინდვია“, - ნათქვამია სტატაში.
ბელა ავალიშვილი, ახალციხის პროფესიული კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორი:
- ქალბატონო ბელა, როგორ აფასებთ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამას?
- მოდუდლური საგანმანათლებლო პროგრამები პირველ რიგში ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა რაც შეიძლება სრულფასოვანი ცოდნა მიიღოს. ეს დადებითი მოვლენაა. ჩვენმა კოლეჯმა გაიარა პილოტირება გაერო-ს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, მონიტორინგს კი, განათლების სამინისტრო გვიწევდა.
- პილოტირების დროს, გამოიკვეთა, რომ სწავლების ამ მეთოდის დანერგვა სასურველია?
- მეტიც, სასურველი კი არა, აუცილებელია. პილოტირების დროს 3-3 მოდული გავიარეთ ვეტერინარიასა და ფერმერში. ამის შემდეგ, სრული მოდულების პილოტირებისთვის, გეგმები დავსახეთ. გამოიკვეთა, რა უნდა გავაკეთოთ თუნდაც გადაადგილების, კრედიტების დამატება-მოკლების თვალსაზრისით. ამის შემდეგ, რამდენიმე მოდული დავამატეთ კიდეც. მაგალითად, ვეტერინარიაში _ ქიმია და ფერმერში _ გამოყენებითი მათემატიკა. პილოტირების პროცესში ჩიხში არ შევსულვართ. ვიცოდით რა გზით წავსულიყავით. პარალელურად, მომზადდა გეგმა და გზამკვლევები. ამის შემდეგ, განათლების სამინისტრომ გააკეთა ანალიზი და ნათელი გახდა, რომ კოლეჯებში, ამ მიდგომის დანერგვა, აუცილებელია.
_ ეს მიდგომა, ასეთ განსაკუთრებულს რას აძლევს სტუდენტს პროფესიული თვალსაზრისით?
- სტუდენტი სწავლობს მანამ, სანამ არ ისწავლის უმაღლეს დონეზე. ეს არის სწავლება პრინციპით - ისწავლა, ან არ ისწავლა. ვეტერინარიის მაგალითზე უკეთ აგიხსნით. მაგალითად, თუ სტუდენტის მიერ აღებული პირუტყვის, ან ცხოველის სისხლი ანალიზისთვის გამოსადეგია, ესე იგი ის ამ საქმეში უკვე დახელოვნებულია. თუ სისხლი ანალიზისთვის არ გამოდგა, რაღაც ვერ უსწავლია. ვიდრე არ ისწავლის, მანამ სხვა მოდულზე ვერ გადავა. თეორიაზე პირდაპირაა მიბმული პრაქტიკა, რაც უმნიშვნელოვანესია.
-ამგვარად არ ფიქრობს ზოგი ექსპერტი, მაგალითად დენის დავითაშვილი, რომელიც ამ პროგრამას ეწინააღმდეგება.
- ის უბრალოდ პროცედურებზე, ვადებზე ლაპარაკობს. პირად საუბარში მითხრა, არ მოესწრებაო. სხვა არგუმენტი არ ჰქონდა. ვერც ერთი ადამიანი, ვინც იცნობს პროფესიული განათლების სისტემას, ვერ იტყვის, რომ მოდულური სწავლების პროგრამა არ ვარგა. ეს პროგრამები ალაგებს ბევრ რამეს - იქმნება ბაზა, რომელიც საჭიროა პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის. გათვლილია, თითოეულში სტუდენტი რა კომპეტენციას უნდა აკმაყოფილებდეს. ეს მნიშვნელოვანია დასაქმების თვალსაზირისითაც - სასწავლო პრაქტიკის დროს როცა გვქონდა ურთიერთობები დამსაქმებლებთან, უკეთ დავინახეთ მათი საჭიროებები და მათაც უკეთ დაინახეს ჩვენი პოტენციალი. ეს იყო საუკეთესო ურთიერთობა, რაც კი ოდესმე გვქონია მათთან. პილოტირების პროცესშიც, ჩვენი სტუდენტი, ვეტერინართა ასოციაციამ დაასაქმა, რადგან უკვე თვალნათელია პრაქტიკულად რა შეუძლია ამა თუ იმ ადამიანს. ეს ძალიან კარგია. ბევრი ადამიანი დამსაქმებლებიდანაც მოვიწვიეთ და სტუდენტებს საინტერესო ტრენინგები ჩაუტარეს. ასე რომ, თუ ადამიანს რაღაც სხვა ინტერესი არ აქვს, ამ პროგრამას ვერ შეეწინააღმდეგება.
- რა ინტერესების გამო შეიძლება ექსპერტი ამ პროგრამას შეეწინააღმდეგოს?
- შეიძლება ვიღაცას უნდა მხოლოდ მუდმივმა მასწავლებლებმა იმუშაონ კოლეჯებში და კონკრეტულ პროფკავშირშიც შევიდნენ. მოწვეული მასწავლებელი კი, პროფკავშირების ხელმძღვანელებს არ აწყობთ, რადგან ისინი არც მათ გაერთიანებებში შევლენ და არც საწევროებს გადაიხდიან. თუმცა, არც ჩემი კოლეჯის პედაგოგები არიან დენის დავითაშვილის პროფკავშირის წევრები. არ ჰქონდათ სურვილი. ჩემი აზრით, პროფკავშირი თავისი წევრების ინტერესებს უნდა იცავდეს და ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ მასწავლებლებს მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. დღეს კი ასე არაა. პირიქით, მოდულური სწავლების შეჩერებით, პედაგოგთა უფლებების დამცველმა მასწავლებლები საახალწლოდ ხელფასის გარეშე ის დატოვა, მათ უფლებებზე არც უფიქრია.
- რას გულისხმობთ?
- სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოდულური პროგრამების პილოტირების პროცესი რიგ სასწავლებელში შეაჩერა. მაშინ, პედაგოგების ავტორიტეტიც შეილახა. ვინც ამ სფეროში არაა ჩახედული, ჩათვალა, რომ ჩვენ რაღაცას ვაშავებდით და ამის უფლება აღარ მოგვცეს. ჩვენი კოლეჯი არ იყო იმ სიაში, სადაც პილოტირების პროცესი შეჩერდა, რადგან ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამიდან გვქონდა დაფინანსება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველასთან ერთად გავაპროტესტე ეს ფაქტი. იმედი მაქვს, ამ პროგრამის დანერგვას, ხელს აღარაფერი შეუშლის. თუკი გაეროში ჩათვალეს, რომ ეს მეთოდი კარგია, თუკი განათლების სამინისტრომაც დადო დადებითი ანალიზი, თუკი მასწავლებლებსაც მოსწონთ და სტუდენტებსაც, ვერ ვხვდები, როგორ უნდა შეეწინააღმდეგო მას, თუ რაღაც პირადი ინტერესი არ გამოძრავებს.
თინათინ ლოსაბერიძე, ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯ „იბერიას“ დირექტორი: „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, პროფესიულ განათლების სისტემაში, ნამდვილად დადებითი პროცესი და წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ახალი და თანაც დროული რეფორმაა. ამ პროგრამების სწავლებით, სტუდენტებს ეძველათ შანსი, უფრო მაღალპროფესიულ დონეზე დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და უკეთ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება შესაბამის ბაზარზე. პილოტირების პროცესი საინტერესო იყო. დირექციაც, მასწავლებლებიც, სტუდენტებიც, აღფრთოვანებული ვიყავით ამ მეთოდით. ეს მიდგომა მნიშვნელოვანია არა მარტო სტუდენტისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის. საბედნიეროდ პროცესი გაგრძელდა და ჩვენი კოლეჯი 5 პროგრამის მოდულებს გაივლის.
- რამდენად არის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი დამსაქმებლისთვის? დენის დავითაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, მან არ აიყვანოს სამსახურში კადრი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მოდულში იქნება დახელოვნებული.
- დამსაქმებლის ინტერესიც გათვალისწინებულია. ვისაც სურვილი ექნება სრულ პროგრამას გაივლის და სრულფასოვან განათლებას მიიღებს. თუმცა, ცალკეული მოდულის სწავლაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ვიწრო მოდულით აქვს დასაქმების შანსი. ასეთი სტუდენტი, მცირე დროში, 3-4 თვეში აითვისებს პროფესიას და დასაქმედება. ასე რომ, არ მესმის, რატომ ეწინააღმდეგება ამ პროგრამას დავითაშვილი. შეიძლება აქ პიროვნულ ინტერესებთან გვქონდეს საქმე.
_ რას გულისხმობთ?
- მას უნდა, რაც შეიძლება მეტი წევრი ჰყავდეს თავის პროფესიულ კავშირში. ის ახდენს ზემოქმედებას. ვისთანაც შეძლო, რაღაც ძალისხმევით, მოახერხა მათი გაწევრიანება. ზოგმა, პირიქით, დატოვა მისი გაერთიანება. თავის დროზე, დენის დავითაშვილის სარჩელის საფუძველზე შეგვიჩერდა პილოტირების პროცესი. მაშინ, პირად საუბარში ვუთხარი კიდეც, დაგეცადათ, იქნებ როგორ შედეგს ვაჩვენებდით-თქო. მას არც ერთ კოლეჯში, ერთხელაც კი არ უნახავს როგორ მიმდინარეობდა პროცესი.
-დავითაშვილი აცხადებს, რომ სახელმიწფომ ამ პროგრამის განხორციელებისთვის უმიზნოდ გაიღო ხარჯი.
-ასე არაა. ყველაფერი მოხმარდა მასწავლებელს და სტუდენტს, მაგრამ ბატონმა დენისმა არ მოგვცა საშუალება, შედეგი გვეჩვენებინა. სასიამოვნოა, რომ სასამართლომ მისი სარჩელი არ სცნო და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ პროცესის შეჩერება, არამართებულად ჩათვალა. ამითაც ნათელია, რომ დენის დავითაშვილს პირადი ინტერესი ამოძრავებს - რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი გააწევრიანოს პროფკავშირში.
-პირადად თქვენთან ჰქონია მას ამ თემაზე საუბარი?
-დიახ. მითხრა, დირექტორი ხარ, რასაც ეტყვი კოლექტივს, ისე მოიქცევიან და ისინი უნდა გაერთიანდენენ ჩვენი პროფკავშირის რიგებშიო. მოვუწყვე კიდეც თანამშრომლებთან შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი პედაგოგების მოსაზრება - ისინი კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ გაერთიანებულიყვნენ მის პროფკავშირში. რამდენიმე მასწავლებელს, ვინც მის საწინააღმდეგოდ გამოდიოდა, გაუბრაზრდა კიდეც და არასასიამოვნო შეხლა-შემოხლაც გაიმართა. მერე, შანტაჟსაც კი მიმართა, რომ როგორმე დამერწმუნებინა პედაგოგები.
-შანტაჟი რაში გამოიხატებოდა?
-მეუბნებოდა, საპარლამენტო ქალაქია და თქვენს დეპუტატს სანიკიძეს, ასევე სხვა დეპუტატებს მოგიყვანო. არ ვიცი რას მიპირებდა. ერთ-ერთ საუბარში ისიც მითხრა, თუ არ გაწევრიანდებით, საფინანსო განიხილავს დირექტორების საკითხსო. ჩემს თანამშრომლებზეც ახდენდა ზეწოლას, მაგრამ მასთან გაწევრიანება არავინ ისურვა.
- რატომ, წესით მასწავლებლებს უნდა სურდეთ ისეთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც მათ უფლებებს იცავს?
-რომელი უფლებების დაცვაზე მესაუბრებით, როცა მან სარჩელის შეტანითა და პილოტირების პროცესის შეჩერებით, მასწავლებელთა იმიჯიც შელახა და უფლებებიც? მარტო ეს ფაქტიც საკმარისია, დაენახათ პედაგოგებს, რომ მას მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და არ უღირთ საწევროს გადახდა ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც რეალურად, მათთვის არაფერს აკეთებს.
ნათელა პაპუნაშვილი, კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „აისის“ დირექტორი:
„მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების პილოტირება გასულ წელს დავიწყეთ ხუთ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებზე. ძალიან გაამართლა. ახალგაზრდებიც კმაყოფილები დარჩნენ. პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მოგვიმზადეს პრაქტიკული მეცადინეობის გეგმა, მასწავლებლები გადაამზადეს... ცხოვრება წინ მიდის, იცვლება და დამოკიდებულებაც სასწავლო პროცესის მიმართ უნდა შეიცვალოს. ამ მიდგომას მხარს ვუჭერთ.
- ძველ მეთოდთან შედარებით, მოდულურ სწავლებას რა უპირატესობა აქვს?
- მასწვალებლები გადამზადდნენ თანამედროვე მოთხოვნების დონეზე. სტუდენტებში ინერგება თანამედროვე მოთხოვნების პროფესიული ცოდნა. პროგრამები დგება საინტერესოდ და მიმზანმიმართულად. ეს წინსვლაა პროფესიულ განათლებაში. ხომ არ შეიძლება, ცხოვრება წინ მიდიოდეს და ჩვენ უკან მივჩანჩალებდეთ? უფრო პროფესიონალ კადრებს გამოვუშვებთ და მათ დასაქმებაც გაუადვილდებათ. პილოტირების პროცესშივე, იმდენად განვითარდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, იმდენად გათვლილია, როგორ უნდა შეისწავლოს სტუდენტმა ესა თუ ის პროფესია, რომ მსჯელობაც კი არ შეიძლება, ეს მიდგომა კარგია თუ ცუდი - ცხადია, კარგი და აუცილებელია.
- ექსპერტი დენის დავითაშვილი აცხადებს, რომ ამ პროგრამების დასრულების შემდეგ, მხოლოდ ვიწრო სპეციალისტებს მივიღებთ და მათ პირიქით, დასაქმების პრობლემა შეექმნებათ, რადგან დამსაქმებელი, მხოლოდ რამდენიმე მოდულში დახელოვნებულ კადრს არ აიყვანს.
- სტუდენტებს იმის საშუალებაც აქვთ, პროგრამას მთლიანად დაეუფლონ. თუმცა, წარმოებაში ვიწრო სპეციალისტები საჭიროა. ჯობია რამდენიმე მოდული იცოდეს ძალიან კარგად, ვიდრე ყველაფერში ვითომ მომზადდეს და არაპროფესიონალი იყოს, როგორც აქამდე ხდებოდა. მიდგომა არის საქმესთან ახლოს - როგორი კადრიც სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, ბაზარს, იმაზეა ორიენტირებული. დენის დავითაშვილი შესაძლებელია ძველ პროგრამებსა და მეთოდიკაში კარგად ერკვეოდა, მაგრამ თუ ამ პროგრამებშიც კარგად ჩაიხედავს, კარგი იქნება. ჩვენ უშუალოდ საქმის ეპიცენტრში ვართ და ვხედავთ, რომ მოდულური პროგრამების დანერგვა აუცილებელია. საცდელი პროგრამები გავიარეთ, ახლა სწავლა ამ მეთოდით მიმდინარეობს, არც მასწავლებელია უკმაყოფილო და არც მოსწავლე. არ მესმის, ვინმე რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს ცვლილებას, როდესაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ორმაგად გაუმჯობესდა, სტუდენტს პრაქტიკულ მუშაობასთან შეხება აქვს და სტუდენტი კვალიფიკაციის შესაბამის დოკუმენტს მიიღებს.
_ დენის დავითაშვილის წინააღმდეგობას თქვენი კოლეგები მისი პირადი ინტერესით ხსნიან. ამბობენ, მას პედაგოგების თავის პროფკავშირში „შეტყუება“ უნდაო. თქვენი კოლეჯის მასწავლებლები არიან ამ გაერთიანების წევრები?
- არა. ჩვენ ვიყავით, მაგრამ რადგან ვერ გავარკვიეთ, სად და როგორ ხდებოდა საწევროს შეტანა და არც კონკრეტული არაფერი გაუკეთებიათ პედაგოგებისთვის, მასწავლებლების სურვილით, დავტოვეთ ეს გაერთიანება.