”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 6-9 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს უმასპინძლებს.
7 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტები MANOLO “The Voice of the Gypsiess” უმასპინძლებს. ამავე დღეს, საფესტივალო კლუბში კი VIVA Brasil-ს შოუ გაიმართება.
მანოლო “Chico & the gypsies” - ს ყოფილი ვოკალისტი და მუსიკის ამ ჟანრის ერთ-ერთი უნიკალური ლეგენდაა. დისკით, რომლის ავტორი, კომპოზიტორი და მომღერალი თავად მანოლოა, ბოშა მეგობრებთან ერთად შეძლო მთელი მსოფლიო აეცეკვებინა და 200,000 ალბომზე მეტი გაეყიდა. მანოლო უკვე თითქმის 20 წელია რაც მსოფლიოს მასშტაბით(პარიზი, ნიუ-იორკი, ბუენოს აირესი, ტოკიო, მოსკოვი, არაბეთის ემირატები და ა.შ.) მოღვაწეობს და ასევე მრავალ პრესტიჟულ კერძო საღამოებზეც მონაწილეობს. 2010 წელს მანოლო გამოეყო ბენდს და ჩამოაყალიბა საკუთარი ანსამბლი “Manolo et ses Gitans”, რამაც საშუალება მისცა თავისი შესაძლებლობები უფრო მასშტაბურად გამოემჟღავნებინა.
მანოლო 100 პროცენტიან ბოშურ მუსიკას, ბოშების საუკეთსო ჰიტებს, გიტარისა და ვოკალის სახასიათო ჟღერადობითა და რითმებით გთავაზობთ. ასევე Gipsy Kings -ის რეპერტუარს, როგორიცაა Bamboleo, Djobi Djoba, Volare და ა.შ. მანოლოს კონცერტზე არავინ მოიწყენს, მოწვეული მოცეკვავების თანხლებით მისი ყოველი წარმოდგენა ნამდვილი წვეულებაა.
გელით, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე 20:00 საათზე. დასწრება უფასოა!
მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე მუსიკის დღეებმა სტარტი 6 აგვისტოს, კახაბერი და ხანუმების კონცერტით აიღო. თანამედროვე მუსიკის კვირეულში ასევე მონაწილეობენ რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“, უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი „ოკეან ელზი“ და ინგლისური ალტერნატიული როკ ბენდი „ტოპლოადერი“. კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება.