კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოძველებულ და ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის. სამუშაოები, რომელიც კნოლევის ქუჩაზე მიმდინარეობს, აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. უკვე შესრულებული და ჩასატარებელი სამუშაოები, დღეს, ნაძალადევის რაიონის გამგებელს - ზაზა გაბუნიას კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძემ გააცნო.
კნოლევის ქუჩაზე რეაბილიტაცია უტარდება 200 მმ-იან საკანალიზაციო ქსელს, ახლით იცვლება წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის ამორტიზებული 500 გრძივი მეტრი და 160 მმ-იანი გამანაწილებელი ქსელის 500 გრძივი მეტრი, ასევე განახლდება 700 მეტრი სიგრძის განშტოებები. ქუჩაზე შესაცვლელი მილების საერთო სიგრძე 1 700 მეტრს შეადგენს. კომპანია ქსელზე დაამონტაჟებს 6 ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს, მოაწყობს წყალსადენის 3 ახალ საკვანძო ჭას და განაახლებს სახანძრო ჰიდრანტების ქსელსაც.
წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის განახლების შემდეგ ნაძალადევის რაიონის გამგეობა კნოლევის ქუჩაზე სამანქანო და სავალი გზის მონაკვეთების კაპიტალურ რეაბილიტაციასა და ასფალტის საფარის დაგებას უზრუნველყოფს.
წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში, წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასრულდა 40 ქუჩაზე. წლევანდელი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 80-მდე ქუჩაზე ახლით ცვლის. ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის პროგრამას კომპანია თბილისის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გაჯანსაღებისა და სტაბილური წყალმომარაგების მიზნით ახორციელებს.