”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 6-9 აგვიტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს უმასპინძლებს.
თანამედროვე მუსიკის დღეები სტარტს 6 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე კახაბერი და ხანუმების კონცერტით აიღებს.
ბათუმელი მუსიკოსი აგვისტოს ცხელ სეზონზე „ჰით ბათუმის“ მთავარი სტუმარი იქნება. „ანიდან ჰაემდე“ ასე ქვია ბოლო ალბომს, რომელითაც კახაბერმა ხანუმებთან ერთად ევროპა უკვე მოიარა. აუდიტორიას კი, თავის ბოლო ნამუშევრებს სწორედ, მშობლიურ ქალაქში წარუდგენს.
„ძალიან სასიამოვნოა, როცა ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე მუსიკიის დღეებს ჩვენ ვხსნით. სიმღერები შესრულდება როგორც პირველი, ასევე ინტერნაციონალური ალბომიდან. დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იქნება ჩვენი მხრიდან კორტების სცენაზე,“ - აღნიშნა მუსიკოსმა.
კახაბერი (კახა ცისკარიძე) ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიჭიერი მუსიკოსია (დრამერი) საქართველოში. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი დღეს უკვე პოპულარულია და ჰიტად არის ქცეული. ის ავტორია წარმატებული მუსიკალური პროექტების საქართველოში, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. „კახაბერი და ხანუმები“ მისი ბოლო მუსიკალური პროექტია, რომელიც წარმატებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მისი პირველი ალბომი "ანიდან ჰაემდე“ მიზნად ისახავს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას თანამედროვე შტრიხებით.
თანამედროვე მუსიკის კვირეულში ასევე მონაწილეოებენ რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“, MANOLO “The Voice of the Gypsiess”, უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი „ოკეან ელზი“ და ინგლისური ალტერნატიული როკ ბენდი „ტოპლოადერი“.
კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება. საფესტივალო კლუბი კი 7-8 აგვისტოს, 23:00 საათზე VIVA Brasil-ს უმასპინძლებს. თანამედროვე მუსიკის დღეები 9 აგვისტოს, რომა რცხილაძისა და მისი ბენდის „+995“ და „ტოპლოადერის“ კონცერტებით დასრულდება.