საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და რეგიონალური თუ სახელმწიფო უწყებისათვის საიმედო პარტნიორად იქცა. განსაკუთრებული მნიშვნელობა სკოლამ 2014 წლიდან შეიძინა - გარდა იმისა, რომ სტრუქტურული ცვლილებები განახორციელა, განახლდა სასწავლო პროგრამები, რათა უკეთ მორგებოდა იმ საჭიროებებს, რომელიც საჯარო მოხელეთა მუდმივ გადამზადებასთანაა დაკავშირებული.
სკოლის სამიზნე ჯგუფს საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული პირები წარმოადგენს.
საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს: 1. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა, რომლის განხორციელებაც სკოლის პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამა ხორციელდება 2014 წლის 14 აპრილიდან ენის ფლობის სამ დონეზე (A1, A2 და B1) რომლის ფარგლებშიც 2014 – 2015 წლებში 2000– ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა. 2. საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგ დარგობრივ კურსებს: საჯარო ორგანიზაციების მართვა; ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო სექტორში; სახელმწიფო შესყიდვები; ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში; საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.
პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების, სხვადასხვა საჯარო სექტორში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება, საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარება, როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება. კურსის მიმდინარეობისას მსმენელებს აქვთ შესაძლებლობა გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები, რომლებიც მოწვეული სპიკერის სტატუსით გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2014–2015 წლებში 481 საჯარო მოხელე გადამზადდა. წარმატებულ კურსდამთავრებულთა რიცხვი 30%–ს შეადგენს, მათ საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებით გაიარეს ატესტაცია/კონკურსი თავიანთ სამსახურებში. ამასთან, დაწინაურდნენ.
როგორ მიმდინარეობს სკოლაში სწავლება, სამომავალოდ რა პროექტები აქვთ დაგეგმილი, რა კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან, ამ და სხვა საკითხებს სკოლის დირექტორი ქეთი ჯაყელი პასუხობს:
-რა არის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის მიზანი?
ენის პროგრამის სწავლების მიზანია სახელმწიფო მართვის სფეროში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ენობრივი ბარიერი მოეხსნათ და თანაბარ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან სახელმწიფო ენის საფუძვლებს, შეძლებენ ქართულად წერა - კითხვას, კომუნიკაციას, ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო თემებზე საუბარს, ასევე შეძლებენ სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგებასა და შექმნას, საქმისწარმოების მიზნით დოკუმენტაციის ქართულად შედგენას. სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება სკოლის 8 რეგიონულ სასწავლო ცენტრში: ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, წალკა, დმანისი, ლამბალო. აქედან გამომდინარე, პროგრამის მთავარ მიზანს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში მათი ინტეგრაცია წარმოადგენს.
-არსებული ინფორმაციით, სწავლებას გეგმავთ იმ პირებისათვის, ვინც ჯერ არ არის დასაქმებული, რას გულისხმობს ეს პროექტი?
გამომდინარე იქედან, რომ საჯარო სექტორში საქმისწარმოება, კონკურსები და ტესტირებები ქართულ ენაზე წარმოებს, სახელმწიფო მართვის სფეროში დასაქმებული საჯარო მოხელეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებს მიმდინარე პროცესებში ჩართვას და სურვილის მიუხედავად, არ აქვს საშუალება განვითარდეს და მოახდინოს მისი შესაძლებლობების რეალიზება. სწორედ ამიტომ, სკოლა გეგმავს გაფართოებას როგორც რეგიონების ასვე სიღრმისეულად, სოფლების დონეზე არსებულ მუნიციპალიტეტებში. მსგავსი პრაქტიკა უკვე განხორციელდა ახალქალაქსა და ლამბალოში, სადაც სახელმწიფო ენის სწავლება სოფლების დონეზე ხდება.
-განვითარების კუთხით მომავალში კიდევ რა პროექტები იგეგმება?
გამომდინარე იქედან, რომ დაკვეთას ვიღებთ საჯარო სექტორიდან, სკოლამ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
2015 წლის ბოლომდე იგეგმება სამი ახალი დარგობრივი კურსის დამატება. ეს იქნება: ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა; სატრენინგო პროგრამა გამწვანებისა და ეკოლოგიის თანამშრომელთათვის; ინფრასტრუქტურული პროექტები ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებში. სკოლას აქტიური ურთიერთობა აქვს მთავრობის ადმინისტრაციასთან, დეპარტამენტებთან, რეგიონებთან. სწორედ ამ თანამშრომლობიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებზე სატრენინგო პროგრამების შემუშავება.
-მსგავსი სკოლები ევროპულ ქვეყნებშიც წარმატებით ფუნქციონირებს, თუ გაქვთ მათთან კავშირები და საგანმანათლებლო კონტაქტები.
სკოლის განვითარება სხვა წარმატებული სკოლების გამოცდილების გაზიარებისა და რჩევების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია . სკოლის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანია ევროპული სკოლების პრაქტიკის გაზიარება. სწორედ ამიტომ 2014 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენს სკოლასა და პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლას შორის. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ტრენერებს შორის კვალიფიკაციის ამაღლებას და პოლონეთის სკოლასთან ,,KSAP’’-თან ერთად ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და კონფერენციების ორგანიზებას. თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს განათლების გაუმჯობესებას საჯარო ადმინისტრირების მოქმედი კადრებისათვის და მათი განვითარების ხელშეწყობას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჟვანიას სკოლას ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაში.
-საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაანონსა ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში. რა როლი ექნება ამ პროცესში ჟვანიას სკოლას, სად არის მისი ადგილი?
განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონი ნინო ჭელიძის განმარტებით, ჟვანიას სკოლა იქნება დიდი მოკავშირე საჯარო რეფორმის გატარების სფეროში.
სკოლა გამოირჩევა მზარდი ტენდენციებით, მაღალი რეპუტაციითა და გამოცდილებით. სკოლა სისტემატურად ახორციელებს კვლევებს, რათა გამოავლინოს საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საჭიროებები ახალი პროგრამების დანერგვისა და სახელმწიფო მოხელეთა პროფესიული განვითარების მიზნით. სკოლას აქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და რესურსი, მრავალწლიანი გამოცდილება, სკოლას ყავს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ტრენერები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეთა გადამზადების პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.
ჟვანიას სკოლა მზაობას გამოთქვამს არსებული რესურსებით ხელი შეუწყოს პროგრამის წარმატებით განხორციელებას და აქტიურად იყოს ჩართული საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესში.